მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიციელების წინააღმდეგ მომიტინგეები ძალადობდნენ, მეორე მხრიდან კი ცალკეული ინციდენტები იყო

პრემიერი

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "პოლიციელების წინააღმდეგ მომიტინგეები ძალადობდნენ, მეორე მხრიდან კი ცალკეული ინციდენტები იყო".

„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად.

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

გამოძიება არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის - ეს ერთი, მეორე - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ერთი მხრიდან განხორციელებულ ჭარბ ძალადობრივ აქტებზე, მაგრამ არაფერს ამბობენ, როგორ ბრუტალურად ძალადობდნენ მომიტინგეების წარმომადგენლები, ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციელების წინააღმდეგ. მე შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ რა დამწვრობები მიიღეს პოლიციელებმა მათზე თავდასხმის შედეგად. გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის მასალები, გამოიყენებოდა, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, ხდებოდა ქვების მომზადება, ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა პოლიციელების მიმართ, რასაც მოჰყვა სერიოზული ზიანი. 50-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული, საიდანაც დაახლოებით 20 პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, არის უმძიმესი ზიანი.

ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მიმართულებით - ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ორ მხარეს გვაქვს ასეთი ვითარება, ერთი მხრიდან სისტემური ბრუტალური ძალადობა, მაგრამ ამაზე არ საუბრობს არავინ და მეორე მხრიდან არის ცალკეული ინციდენტები და ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს მიკერძოებაზე მეტყველებს. ჩვენ ვერ ვიქნებით მიკერძოებული, ჩვენთვის ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით. ,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები