პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონს პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, დეპოზიტების დაზღვევა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მსოფლიოს ბანკის წარმომადგენლებთან პარლამენტში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.
მისივე ინფორმაციით, მხარეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სააგენტოს ჩამოყალიბების იდეის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა კონსტრუქციით ჩამოყალიბდება სააგენტო, როგორ დაკომპლექტდება მისი სამეთვალყურეო საბჭო, როგორი იქნება მისი კომპოზიცია და შემადგენლობა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ და მისი დამტკიცება პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღებს.
„ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის და ამ კანონპროექტის მიღებას პერსონალურად შევუწყობ ხელს", - აღნიშნა კოვზანაძემ.
ამასთან, ამ ეტაპზე მისთვის საბანკო სექტორის პოზიცია უცნობია, მაგრამ აცხადებს, რომ როცა კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საფინანსო სექტორს შეხვდეს.
"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე - "რატომ ხედავს დეპოზიტების დაზღვევის საჭიროებას, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ „ეს არის დამატებითი სტიმული საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობის გასაზრდელად".
"დეპოზიტების დაზღვევა მრავალ ქვეყანაში არსებობს და მუშაობს. საქართველო კი, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის და ვნახოთ. მე თვითონ მხარს ვუჭერ ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობას", - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

























