პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფრო მეტი „ვერბალური კომუნიკაციისკენ“ მოუწოდებს. როგორც კოვზანაძემ bm.ge-ისთან ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა, საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ბიზნესთან.
რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს, მისი თქმით, საგარეო შოკი საქართველოს საგადასახდელო ბალანსსა და შესაბამისად, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა.
ირაკლი კოვზანაძის თქმითვე, საქართველოს ეკონომიკას მემკვიდრეობით აქვს პრობლემა - ესაა სავაჭრო დეფიციტი, რაც საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის გენერირებას ახდენს.
„აღნიშნული დეფიციტი ტურიზმიდან და უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით ბალანსდება. წინა, 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, აქედან 650 მლნ ევრო - რუს ტურისტებზე მოდიოდა. შედეგად, ავიასანქციების დაწესება და რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა“, - განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, ტურისტების რიცხვი შემცირებულია დსთ-ს სხვა ქვეყნებიდანაც.
გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის კურსის გაუფასურების შესაძლო მიზეზებს შორის ასახელებს კიდევ ერთ ფაქტორს.
„ზოგადად, თვის ბოლოსთვის დამახასიათებელია კონტრაგენტების ანუ სავალუტო ბაზრის მოთამაშეების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები საკუთარი ვალდებულებების დასაფარად, რამაც, ასევე შესაძლოა, გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს ორი ფაქტორი - ერთის მხრივ, თვის ბოლოს ვალუტის შესყიდვები და მეორეს მხრივ, ტურისტული ნაკადების შემცირება ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ ამბობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ ის აკვირდება ამ პერიოდს; არ გამოვრიცხავ, დადგეს ისეთი პერიოდი, რომ სებ-ს მოუწიოს ინტერვენციების გაკეთება, თუმცა მე ვფიქრობ, საჭიროა, უფრო მეტი ვერბალური ინტერვენცია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

























