პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთად მუშაობენ“.
ამის შესახებ კოვზანაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ იანვარში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ინფლაციის შეფასებისას განუცხადა.
“მე ვიცი ერთი რამ, ეროვნული ბანკის წინადადებიდან გამომდინარე, ჩვენ სებ-ს დავუმტკიცეთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად - 4%. ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს ამოცანა, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 4%-თან. ახლოს შეინარჩუნოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციის მაჩვენებლი 4%-ზე მაღალი იყოს, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ის ინსტრუმენტები, რომ მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს და დათრგუნოს ინფლაცია. მაგალითად, გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მსგავსი ინსტრუმენტების არსენალი მას აქვს“, - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" კოვზანაძემ.
ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ რამ გამოიწვია იანვარში წლიური 3.9%-იანი ინფლაცია.
გარდა ამისა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გამიჯვნა.
"მთავრობას პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტში გვიდევს ეკონომიკის 4%-იანი ზრდა და მე ვიცი, რომ 4%-იანი ზრდა იქნება და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ინფლაციაზე კი, პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი და თუ მაღალი იქნება ინფლაცია, მან ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღებთ მათგან ნებისმიერ ახსნა და განმარტებას", - აღნიშნა კოვზანაძემ.
"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე - "რადგან ეროვნულ ბანკს თავისი ამოცანების შესრულება გაურთულა მთავრობამ აქციზის განაკვეთის ზრდის გამო, უფრო ლოგიკური ხომ არაა ინფლაციის შეფასება მთავრობის ქმედებების კონტექსტში“, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ „დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთად მუშაობენ“.
„მთავრობა და ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთად მუშაობენ და ეს არის ძალიან კარგი. ამ თვალსაზრისით, მათი თანამშრომლობის ხარისხი არის მაღალი და იმედი მაქვს, რომ ის მაჩვენებელები რომელიც ბიუჯეტში გვაქვს ჩადებული, მიიღწევა. ანუ გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი ზრდა და ეს მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი კარგია. მიუხედავად იმისა, რომ 4% მაღალი არ არის, იმის გამო რომ ეკონომიკური ვარდნა არის ირგვლივ, ეს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

























