ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სფეროს დამატებითი ხმაური და აჟიოტაჟი არ სჭირდება
ელენე გოგბერაშვილი
21.02.19 18:44
• 968
"საფინანსო სფეროს დამატებითი ხმაური და აჟიოტაჟი არ სჭირდება", - ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები, გარდა ფიზიკური პირებისა, არიან უმსხვილესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს არის მათი გადაწყვეტილება და ეს არის გადაწყვეტილება, რომელშიც ვერავინ ჩაერევა. მე ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა მე ვფიქრობ, რომ საერთოდ საფინანსო სფეროს დამატებითი ხმაური და აჟიოტაჟი არ სჭირდება. გამომდინარე აქედან, ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე და არის მიღებული ბანკის აქციონერების მხრიდან", - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
კითხვაზე - რამდენად სწორი და არგუმენტირებული იყო სებ-ის გადაწყვეტილება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის შესახებ, კოვზანაძე პასუხობს, რომ ის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასების დეტალებში ვერ შევა.
"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, ერთადერთი რეგულატორი საქართველოში. გარდა ამისა, მე არ ვიცი ამ შემთხვევის დეტალები და არც მაქვს უფლება, ვიცოდე. სებ-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო", - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.