პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „ეროვნულმა ბანკმა პრობლემა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, ობიექტურად და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოაგვაროს“.
ამის შესახებ კოვზანაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ TBC ბანკის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, TBC ბანკმა ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და მზადაა, მარეგულირებლის მიერ დაკისრებული ჯარიმა - 1 მლნ ლარი გადაიხადოს.
„მე მიმაჩნია, რომ საფინანსო სექტორს ზედმეტი ხმაური არ სჭირდება. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა აქციონერების მიერ, არის იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს დავა მარეგულირებელთან - ეროვნულ ბანკთან“, - აცხადებს კოვზანაძე.
ამასთან, მისი აზრით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან TBC ბანკში თანამდებობის დატოვება ობიექტურია, რადგან ამით ისინი ბანკის აქციონერებს და დეპოზიტორებს უფრთხილდებიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე TBC ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა და მიიჩნევს, რომ მათი ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაძლიერდეს საფინანსო ინსტიტუტი.
„ვფიქრობ, ერთობლივი განცხადება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც ქვეყანაში იმუშავებს... მე ძალიან ვუფრთხილდები საფინანსო სექტორს, ვუფრთხილდები ყველას, ვინც ამ სექტორში მუშაობს, ეს ჩემი ფუნქციაა“, - აცხადებს კოვზანაძე.

























