საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკს“, როგორც კავკასიაში წამყვან საფინანსო ინსტიტუტს, მოფრთხილება უნდა.
როგორც კოვზანაძემ სხდომის შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, კომიტეტზე მოიწვევენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შსს მინისტრ გიორგი გახარიასაც.
„თიბისი ბანკი“ არის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქართული საფინანსო სისტემისა; ის არის აღიარებული ლიდერი ქართული საბანკო სექტორის და არა მარტო ქართული საბანკო სექტორისა. მე მიმაჩნია, რომ ის არის კავკასიაში წამყვანი ქართული ბანკი და მას უნდა მოფრთხილება ისე, როგორც არცერთ საბანკო სტრუქტურას, „საქართველოს ბანკთან“ ერთად.
მიმაჩნია რომ ის განცხადება, რომელიც არის ერთობლივი საქართველოს ეროვნული ბანკის და „თიბისი ბანკის“, მეტყველებს ყველაფერზე და არის საფუძველი შემდგომი განვითარების საქართველოში „თიბისი ბანკისთვის“. ბევრი რამე გაცხადდა ამ 4 საათის განმავლობაში, ვფიქრობ, კითხვები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. რაც შეეხება გახარიასთან მიმართებით გაჩენილ კითხვებს, მე მიმაჩნია ის არის პროფესიონალი მინისტრი და ამ მიმართულებით სიცხადე დაგვჭირდება.
ეროვნული ბანკი აკეთებს დამოუკიდებელ განცხადებას ახლა და მას მიაჩნია, რომ შანტაჟთან დაკავშირებით ის განცხადება, რაც დღეს იყო არის არასწორი. თუ ჩვენ მისი მოწვევა დაგვჭირდება ჩვენ რეგლამენტს არ დავარღევთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იყო ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკმა“ უნდა განავითაროს მისი კორპორატიული მართვა დამოუკიდებელ დირექტორებთან დაკავშირებით. „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან, ეს არის სწორი ნაბიჯი და ვფიქრობ, იძლევა საფუძველს შედგომი განვითარებისა“, - განცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ კომიტეტის სხდომა არ ემსახურება იმას, გაარკვიოს, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი.

























