მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ლექვინაძე: "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებს ალტერნატიული სავაჭრო ფართები და წერტილები შევთავაზეთ

58984fb6bca97
BM.GE
06.02.17 14:26
1674
"ბავშვთა სამყაროს“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. გასულ უქმეებზე გამართული აქციების დროს კონკრეტული დროც და თარიღიც დასახელდა, სადამდეც ისინი ადგილობრივ მთავრობას ვადას აძლევენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაზარალებული მოვაჭრეები საგაფიცვო კომიტეტის შექმნას აანონსებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბანკებს დაზარალებული ადამიანების სია უკვე გადაეგზავნათ, რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებმა სესხების დაფარვისას მათ გარკვეული შეღავათები გაუკეთონ. რა შეუძლია თბილისი მერიას და რას აკეთებენ ამ დროისთვის, - თემით "საქმიან დილასთან“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

- დღეის მდგომარეობით რა ეტაპზეა "ბავშვთა სამყარო" ?

- სამწუხაროდ, ამ სტიქიის მასშტაბი საკმაოდ დიდი იყო და ამიტომ დაზარალებულიც ბუნებრივია ბევრია. გუშინ ტერიტორიაზე უკვე ის ადამიანებიც შეუშვეს, ვინც საკუთარი პროდუქციის ნახვას ითხოვდა. ოქრო და ძვირფასეულობა ოქროს საცავებში იყო დაცული და მათი გადარჩენა და გამოტანა მეორე დღესვე მოხერხდა.
შენობის შიგნით არის ლოკაციები, რომლებიც ნგრევა-საშიშია და შენობის ნაწილების ჩამოშლა ხდება. ამიტომ, როდესაც იქ შესვლაზე რადიკალური მოთხოვნაა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და იქ შესვლას შესაძლოა უფრო რთული შედეგი მოყვეს. მესმის, რომ ძალიან რთული და მძიმეა დანაკარგი, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ვფიქრობ, შესაბამის სპეციალისტებს, სამსახურებს და მათ ინსტრუქციებს ადამიანებმა მეტნაკლებად უნდა დაუჯერონ.

მოვაჭრეებს ალტერნატიული სავაჭრო ფართები და წერტილები შევთავაზეთ, სადაც ამ ადამიანებს მოკლე დროში შეეძლებათ საკუთარი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. დაახლოებით 900 მოვაჭრეზე მეტია ეროვნულ ბანკში გადაგზავნილი და ამ მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს, რომ ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, სასესხო ვალდებულებების შემსუბუქება მოხდეს და ასევე შეიძლება ახალ სესხებზე იყოს შესაძლებლობა. ეს ის 900 ადამიანია, ვისაც ქონება პრაქტიკულად მთლიანად გაუნადგურდა.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, კიდევ არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც საცავიდან საკუთარი ქონების გამოტანა შეძლეს. მესამე მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შეთავაზებაა, დაკარგული საქონელი შეფასდება და საგადასახადო ვალდებულება ამ ნაწილზე მოხსნილი იქნება.

- ადამიანებს აინტერესებთ, რატომ არ იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული, ვის ევალება, რომ პრევენცია გააკეთოს ასეთი შემთხვევა რომ არ დადგეს?

- სამწუხაროდ 2004 წლიდან 2014 წლამდე აღნიშნული მონიტორინგის ფუნქცია პრაქტიკულად ჩახსნილი, გაუქმებული იყო. დღეს სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული და მასზე მონიტორინგის განხორციელება საგანგებო მართის სიტუაციების სამსახურთან არის განთავსებული. ეს პროცესი 2015 წლიდან მეტნაკლებად დაწყებულია, თუმცა ძალიან ბევრ შენობაში ეს საკითხი შესაძლოა რეალურად იდგეს. არის გარკვეული ინსტრუქციები და სანქციები, თუ ის შესაბამისობაში არ იქნება, გარკვეულწილად ქმედებები განხორციელდეს.

- მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციაზე გადის. რამდენად სწორია, რომ დედაქალაქის ადმინისტრაციამ საკუთარი ფონდებიდან დააფინანსოს აღნიშნული ზარალი?

-ემოციის ფონზე შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან გასაკეთებელი არანაირად არ არის. ასეა, როდესაც საქმე მეწარმეობას და ეკონომიკურად მომგებიან საქმიანობას ეხება, რომელიც ტექნიკურ რისკებთან არის დაკავშირებული. მსგავსი რისკების დაზღვევის მექანიზმები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს და მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, საჭიროა. გამოძიების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი შენობა დაცული იყო თუ არა, რადგან ამას საბოლოოდ გამოძიება იტყვის.

თბილისში დაახლოებით 500 000 მეწარმეა რეგისტრირებული და ყოველ ასეთ შემთხვევაზე ადგილობრივი ხელისუფლება კომპენსაციის გაცემას ფიზიკურად ვერ შეძლებს და არც სწორი იქნება. ამისთვის დაზღვევა არსებობს.

- იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ სავალდებულო შეიძლება გახდეს მსგავსი ტიპის დაზღვევები?

- გარკვეული მოდელი სავალდებულო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულია და თუნდაც ეს ბოლო შემთხვევები აჩვენებს, რომ ამის აუცილებლობა რეალურად დგას. ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის დაზღვევებს გარკვეულწილად სავალდებულო სახე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები