ირაკლი ლექვინაძე: იმპორტული ცემენტის ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს
მაია ბიწაძე
03.08.18 18:00
• 790
ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით იმპორტული ცემენტის ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ამის შესახებ მან "ანალიტიკის" ეთრში განაცხადა. ამის მიზეზი კი ადგილობრივი მწარმოებლების წუხილია, რომლებიც ამბობენ რომ ქვეყანაში დაბალხარისხიანი პროდუქცია შემოდის და დაბალი ფასით უწევს მათ კონკურენციას.
"ჩვენ დღესაც შევხვდით ცემენტის მწარმოებელთა ასოციაციას, მათი წევრია "ჰაიდელბერგცემენტიც". დაახლოებით ორი თვის წინ გვქონდა ამ კომპანიასთან კომუნიკაცია და პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ირანიდან ცემენტის შემოდინების დინამიკა საკმაოდ დიდია და ეს არის ამ კომპანიის შეშფოთების საგანი. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა თავისუფალია სავაჭრო ურთიერთობებში. მთავარი წუხილი, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, არის ის, რომ საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლი ხარისხის ნაწილში, რადგანაც არის საუბრები იმაზე, რომ არის შეუსაბამობა ხარისხთან და ის ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ ემთხვევა. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამკაცრდეს კონტროლი" - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მისივე განმარტებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ ინფორმირებულია.
"არსებობს გარკვეული მოქმედებების გეგმაც, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი აქ იქნება სწორედ ხარისხის კონტროლის გამკაცრება. რაც შეეხება დემპინგს, ამას სჭირდება ფართომასშტაბიანი შეფასება და ბაზრის კვლევა. შეფასებამდე კი კანონმდებლობა გვჭირდება, რადგან ჩვენ არ გვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.