მეწარმეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ იმ რეგულაციებზე ისაუბრეს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათ შეფერხებებს უქმნის. მათ შორის, „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, რაც გულისხმობს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვას. ასევე, განიხილეს არა ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების საკითხი, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ხორბლის და ხორბლის ფქვილის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ბიზნესს საქმიანობის განხორციელების პროცესში შეფერხებები შეუქმნას. მთავრობის მიერ დაგეგმილ რიგ რეგულაციებზე კერძო სექტორს შენიშვნები აქვს. მათ შორისაა, პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის შეზღუდვისა და შემდგომში სრულად აკრძალვის ამოქმედების ვადები. დღევანდელი მოცემულობით, მთავრობამ დადგენილება მიიღო 14სექტემბერს და სანქციები კი 1ოქტომბრიდან შედის ძალაში. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ორი კვირის ვადა არ არის საკმარისი სადისტრიბუციო კომპანიების მიერ უკვე ქსელში გაშვებული პროდუქციის ამოყიდვისათვის, ხოლო ქსელიდან პროდუქტის ამოღება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს კომპანიებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ოფისი მოამზადებს რეკომენდაციას და მიმართავს შესაბამისს უწყებებს.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.