ამ ეტაპზე მინდელის შახტის საქმიანობის შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ "ანალიტიკის“ ეთერში ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად იქ მუშაობს ექსპერტიზის კომპანია, რომელმაც უნდა დაადგინოს ამ საწარმოში საქმიანობის გაგრძლება რამდენად თავსებადია ადამიანის სიცოცხლესთან და სწორედ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, გააგრძელებს თუ არა საწარმო მუშაობას.
" კომპანია რომელიც მინდელის შახტში და ზოგადად ტყიბულში ოპერირებს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს. რეალურად ეს სოციალური პროექტია, მხარე არის დეპრესიული, ინფრასტრუქტურა მოძველებული, რომელიც განახლებას საჭიროებს, რაც ძალიან დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული და თუ დავეყრდნობით კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ეს წარმოება ზარალიანია.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, შახტში საქმიანობის შეჩერება არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან დავინახეთ, რომ ამ პირობებში მუშაობის გაგრძლებამ კვლავ ფატალური შედეგები გამოიწვია. ამჟამად იქ ექსპერტიზის კომპანია მუშაობს, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად უსაფრთხო იქნება ადამიანის სიცოცხლისთვის ამ საწარმოში მუშაობა და ალბათ ამის შემდეგ იქნება სხვა პირობებზე საუბარი. ანუ, თუ გაგრძელდება საწარმოს საქმიანობა, რა ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და თუ არ გაგეძელდება, მაშინ კონსერვაცია როგორ უნდა მოხდეს, რაც ასევე ძალიან დიდი ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

























