„ხელოვნური მექანიზმებით ბაზრის შეზღუდვა ამ ეტაპზე ჩვენთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების შეფასებისას აცხადებს.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, სადაც არმატურისა და ცემენტის მწარმოებელ კომპანიებს მოუსმინეს, ანტიდემპინგური კანონის მიღების შესახებ იმსჯელეს. კერძო სექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ირანიდან დაბალი ხარისხის პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის და ქართულ კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოში უწევთ საქმიანობა. ისინი ხელისუფლებას ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომ დაცული იყო როგორც ადგილობრივი წარმოება, ისე თავისუფალი ბაზარი.
ბიზნესომბუდსმენი და ბიზნეს ასოციაცია ერთ აზრზე არიან. თუ ქვეყანაში დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალები შემოდის, კონტროლი უნდა გამკაცრდეს, თუმცა თუ კომპლექსური შესწავლისა და სათანადო არგუმენტების გარეშე არ დადასტურდება, რომ ბაზარზე ნამდვილად აქვს დემპინგს ადგილი, ისინი ბაზრის ხელოვნურად შეზღუდვაში ბიზნესისთვის სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ.
„აღნიშნული კანონმდებლობის მიღების ნაწილში გვაქვს ნეიტრალური პოზიცია, რადგან ჩვენთვის ორივე მხარეს დგას ბიზნესი. ჩვენ არაერთხელ ჩავრთულვართ ამ საკითხების მედიაციაში როგორც ამ მონკრეტული კომპანიების ნაწილში, ასევე მათი კონკურენტების ნაწილში. ბუნებრივია, ჩვენ ვფიქრობთ,რომ ბაზარზე უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქცია და ხარისხის კონტროლი იმ პროდუქციაზე, სადაც ეს არის აუცილებელი უნდა ხორციელდებიდეს, რადგან უხარისხო პროდუქციისგან იყოს ბაზარი დაცული, თუმცა ბაზრის შეზღუდვა ხელოვნური მექანიზმებით ჩვენთვის ამ ეტაპზე მისაღები ნამდვილად არ არის", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
„ჩვენ თუ გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი დოკუმენტები, რომ ადგილი აქვს ან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დემპინგს. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გონივრული იქნება მსჯელობა ანტიდემპინგურ ღონისძიებაზე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება იმპორტის ხელოვნურად შეზღუდვისაკენ , ჩვენი აზრით დააზარალებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, დააზარალებს ინვესტიციას, დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და რაც ყველაზე მთავარია, დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.