მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი მარგველაშვილი: სააფთიაქო ბაზარზე კონკურენციას ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება

58345b339b1ae
BM.GE
22.11.16 18:48
3393
ჯანდაცვის სექტორში გამსხვილება იგეგმება. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი "ფარმადეპო" იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი "ფარმადეპოს" აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში "ფარმადეპოს" 2 აქციონერს გადასცემს. რა ცვლილებებს მოუტანს აღნიშნული მსხვილი გარიგება ბაზარს, სადაც ერთი კომპანიის მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული გარიგება მედიკამენტების ფასებზე, რაც მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხარჯს წარმოადგენს?

- ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, ვინაიდან ჩვენ საქმე ერთი სტრუქტურის ქვეშ ორი დიდი მოთამაშის გაერთიანებასთან გვაქვს. ცოტა ხნის წინ GPC საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) მფლობელობაში გადავიდა, შემდეგ დაანონსდა, რომ "ფარმადეპოც" ნაწილობრივ, მაგრამ აღნიშნული ჯგუფის მფლობელობაში გადავიდა. ორივე კომპანიის მიერ მედიკამენტების იმპორტი მთლიანი მოცულობის 25%-ს შეადგენს. ეს არის 2015 წლის მონაცემები. შესაბამისად, ჩვენ ორივე კომპანიის იმპორტის გაერთიანებით, დაახლოებით 65 000 000 აშშ დოლარიან იმპორტზე ვსაუბრობთ. აღნიშნული ორივე ძალიან განვითარებადი ქსელებია, განსაკუთრებით ABC Pharmacia-ს ქსელი - "ფარმადეპო", რომელიც 2015 წელს იმპორტის მოცულობით მეორე ადგილზე გავიდა. გავლენას რაც შეეხება, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ფარმაცევტულ სფეროში, როგორ ყველა ცოცხალ ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, ანუ შესაძლებელია წარმატებული კომპანიები გაერთიანდნენ, თუ ამას "მწვანე შუქს" კონკურენციის სააგენტო მისცემს.

- თქვენი მოლოდინი როგორია, კონკურენციის სააგენტო თანახმა იქნება თუ არა და უნდა მისცეს თანხმობა, თუ არა აღნიშნულ გარიგებას?

- დღეს ბაზრის ლიდერი კომპანია PSP-აა, რომელიც 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების დაახლოებით 23%-ის იმპორტს ახორციელებს. ამ კუთხით პირველ ადგილზე პე-ეს-პე-ჯგუფია. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 25% ახალ ფარმაცევტულ ქსელს ექნება. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კონკურენცია არ შეიზღუდება. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ყოველივე ეს თუ როგორ დარეგულირდება. მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ფარმაციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ანონსირებულია და დაგვპირდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ კანონზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახალი ფარმაცევტული გაერთიანება როგორ მოიქცევა.

-ახალ კანონში არსობრივად რა უნდა შეიცვალოს?

-კანონი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის "გლობალ ალიანსის" მიერ არის მომზადებული, რომლის საჯარო განხილვა ჩვენთან ერთად ჯერ არ ყოფილა.
საქართველოს ბაზარი კონკურენციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ღიაა, ამას არა მარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ სხვა განვითარებადი ქვეყნების ბაზრების ცოდნიდან გამომდინარე ვაცხადებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შედარებით მცირე მასშტაბის სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქის" მმართველობაში "სინერჯი ჯგუფი" შევიდა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით მომავალი წლისთვის დაახლოებით 100 სააფთიაქო ქსელის ქონა აქვს დაგეგმილი. ბოლო პერიოდში ბაზარზე ცვლილებები ხდება. ჩემი აზრით, კონკურენციას ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება. მთავარია ახალ კანონში ის ყველაზე საბაზისო ნორმები იყოს გათვალისწინებული, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული, არაფერი ახლის გამოგონება საჭირო არაა. კონკურენცია ნებისმიერ ქვეყანაში ფარმაციის განვითარების საფუძველია და მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციებიდან ადაპტაცია გავაკეთოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები