მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი მეზურნიშვილი: ევროკავშირის ბაზარი ნიშნავს სანდოობას, ხარისხს, სტაბილურობას

5d2c61570ed6f
BM.GE
15.07.19 15:17
1137
ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი მეზურნიშვილთან.

- ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანდებით კასპის მაჟორიტარი, ამავდროულად ხართ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, შემდგომ კი, კანონით განსაზღვრულ ვადებს არღვევენ. ამ მხრივ, ხშირად ისმის პარტნიორებისგან, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადმიანების დასაქმება, როგორ ფიქრობთ, როგორ მუშაობს ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებთან ისე ინვესტორებთან მეტი სამუშაო ადგილის შექმნის კუთხით?

- დიახ, რაღაც ეტაპზე მართლაც იყო შემაშფოთებელი ტენდენცია ამ მიმართულებით, თუმცა საბოლოო ანგარიშში ეს არ იყო ის რიცხვი, რომ ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოეთხოვათ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საფრთხილო და დელიკატური თემაა. ჩვენ ამ კუთხით მუდმივად უნდა ვიმუშაოთ, ყოველი ჩვენთაგანი უნდა მოუფრთხილდეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამ დიდ მონაპოვარს, მუდმივად უნდა მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები, გეთანხმებით იმაშიც, რომ ამის ყველაზე დიდი და სწორი პრევენცია მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა, მეტი ინვესტიციის მოზიდვა და სტაბილური გარემო, რომლის გარეშეც გაჭირდება ამ ყველაფრის მიღწევა. პირადად მე კასპში, რომლის მაჟორიტარიც გახლავართ, ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელე პროექტები, რომლებიც მჯერა, ამ რეგიონის ახალგაზრდობის ცხოვრებას ნამდვილად გააუმჯობესებს. ერთ-ერთია კასპის პროფესიული სასწავლებელი, კოლეჯი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შენდება და 200 სტუდენტზე გათვლილი. ეს სასწავლებელი, რეგიონისთვის პრიორიტეტული დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. ისეთ მიმართულებებზე, რომელზედაც მოთხოვნილებები მზარდია და პროფესიონალურად მომზადებული კადრების შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღე-მეხილეობის, ასევე მაღალი ძაბვის ელექტროობის, ოპერატორმემანქანის მაღალი დონის სპეციალისტები. იცით, რომ ხშირად გაისმის ინვესტორებისგანაც, რომ ადგილზე უჭირთ კვალიფიციური კადრების მოძიება. ასევე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კასპში ვანხორციელებთ მართლა ინოვაციურ პროექტს, ტექნოპარკის მშენებლობას, რომელიც გაზაფხულისთვის დასრულდება და რაიონს ექნება კეთილმოწყობილი, ყველანაირი საჭირო ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე შენობა, რომელითაც მართლა ვამაყობ,რადგან მჯერა რაიონის ახალგაზდრობისთვის ეს იქნება საუკეთესო სტარტი,ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით განვითარდეს. ასევე მალე დასრულდება სტადიონის მშენებლობა და ეს მისცემს საშუალებას ათასზე მეტ მოზარდს დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით. ესაა ის პროექტები და მიმართულებები, რომლებზეც ჩემთვის როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის იყო პრიორიტეტული, არის კიდევ რამოდენიმე პროექტი რომელსაც კასპის ახალგაზრდობისთვის უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ. ეს ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებია, მე ღრმად მწამს რომ განთლება ეს ის მიმართულებაა რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, ესაა ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი.

- როგორ შეაფასებთ დღევანდელ საინვესტიციო გარემოს საქართველოში? ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანა, რა ინფორმაციას ფლობთ, როგორ იყენებს ქვეყანა ამ რესურსს?

- დიახ, იმაზე რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ რომ ყველაფერი ერთიმეორეზეა დამოკიდებული. ამიტომაა ყველაფერში სისტემური, კომპლექსური მიდგომა საჭირო. განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება და ადგილობრივი რეგულაციების თუ კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სტანდარტებთან. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA–ის ფარგლებში რეგულირდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი. საქართველოს თავისუფალი წვდომა ბაზარზე არის „ყოვლისმომცველი“, ვინაიდან იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს და „ღრმა“, ვინაიდან გამიზნულია ყველა სავაჭრო ბარიერის მოსახსნელად „საზღვრის მიღმა“ ბარიერების ჩათვლით. შეთანხმება ითვალისწინებს 95%-მდე ტარიფის მოხსნას, ასევე ითვალისწინებს სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობას, ამ სფეროს ასევე ეხება მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია, რიგი გამონაკლისის გარდა და იმ ფონზე როცა ჩვენ გვაქვს ამხელა შესაძლებლობა, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, ასევე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვფიქრობ ასევე მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის, როგორც ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსი და იმ სტაბილურობის, რაც ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო შეფასებებითაც და მიღწევებითაც დაიმსახურა, ვფიქრობ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რესურსების სრულად ასათვისებლად, ეს არის აბსულუტური პრიორიტეტი და ვიცი რომ ამ კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

- მოგეხსენებათ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, თუ ქმნის ხელისუფლება ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც დააინტერესებს, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ინვესტორს, რეგიონებში გარკვეული ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად?

- ისევ და ისევ მივდივართ იმ მთავარ თემასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი და კარგი შესაძლებლობები, არათუ მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ ინვესტორები ჩვენი ქვეყნით, არამედ თავადაც შევქმნათ ქართული ბრენდით ეროვნული პროდუქცია და ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ფარგლებში ევროპის ბაზარზეც გავიტანოთ. განვავითაროთ ეკომიმართულებების პროექტები, ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები, თუ სხვა პროდუქცია უფრო მეტად მივმართოთ ევროკავშირის ქვეყნების ბაზარისკენ. ევროკავშირის ბაზარი ნიშნავს სანდოობას,ხარისხს, სტაბილურობას. ესაა ჩვენი და ჩვენი ქყვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი. უკანასკნელმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, როგორ უნდა ვიმუშაოთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე.

- ქვეყნის კიდევ ერთ მწვავე პრობლემას ეკოლოგიური პრობლემები წარმოადგენს, ასოცირების ხელშეკრულება, გვავალდებულებს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მიყვანილი აღნიშნული საკითხი. რა სამუშაოები ჩატარდა ამ კუთხით პარლამენტში? და ზოგადად, როგორია თქვენი გუნდის ხედვა ამ მიმართულებით?

- ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ, როგორც შესაბამისი სამინისტროები, ასევე პარლამენტის კომიტეტები. ყველაფერი კეთდება, რათა ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებაც რაც შეიძლება სწრაფად იქნას შესაბამისობაში მოყვანილი ევროკავშირის სტანდარტებთან. აქვე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ, ,,მწვანე პოლიტიკას“, რომელიც მთავრობის პრიორიტეტებს და ხედვასაც ნათლად ასახავს, ესაა ხელშეწყობა ეკოლოგიური მიმართულების და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პროექტების, მნიშვნელოვანია ისიც,რომ ამავე პროექტის ფარგლებშიც მოძველებული ავტოპარკის ჩანაცვლება იგეგმება ელექტრომობილებით. ასევე ,,მწვანე პოლიტიკის,, ფარგლებში კომპლექსურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას და რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანას ასოცირების ხელსეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები