კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და მისი გამოყენების პროცესში რეგიონების დეცენტრალზიაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენთან ქონების დიდ ნაწილს ფლობს სახელმწიფო, ის არის მისი განმკარგავი, მაგრამ ინვესტორები მოდიან ადგილზე და ადგილზე ეძებენ მათთვის საინტერესო ტერიტორიებს, თუ შესაძლებლობებს, ამიტომ ამ კავშირის და ხედვის ჩამოყალიბება იქნება მნიშვნელოვანი. უფრო კონკრეტულად და უფრო მეტად უნდა იქნას ადგილებიდან წამოსული ინიციატივები გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ.
ინვესტიციის მოზიდვის პროცესში აქტუალური უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დიდი ინვესტორი ურთიერთობას იწყებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ ძალიან ბევრია საშუალო ზომის ინვესტორი, რომელიც ადგილიდან იწყებს ძიებას, თუ სად, რა შესაძლებლობაა და ჩვენ ყოველკვირეული შეხვედრები გვაქვს მათთან. საბაგირო გზის მიმოსვლის იდეა თუშეთში, სწორედ ადგილზე დაბადებული იდეაა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

























