რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროს ხელმძღვანელობა, ამჯერად, იმერეთის გუბერნიისა და 12 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ასევე - რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
მისივე ინფორმაციით, საირმეში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები, მუნიციპალიტეტების საჭიროებები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, ვიმსჯელეთ ყველა ძირითად პრობლემაზე და პარალელურად დაისახა ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები. კარგია, რომ თანხვედრა გვაქვს არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დეცენტრალიზაციის პროცესს, შესყიდვების მეთოდოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ხარისხზე, ისე რაციონალურ ხარჯვაზე“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

























