მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი როსტომაშვილი: საპარკინგე ადგილებზე სურსათის მაღაზიებია, ასე არ შეიძლება

5c6ec5da9c3a1
მარიამ ადამია
21.02.19 19:50
2921

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ მერიის საათობრივი პარკინგის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ პარკინგი უნდა იყოს მომგებიანი ბიზნესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ ინტერესი არ იქნება.

მისი თქმით, დღესდღეობით მთავრობას საქართველოში არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება უწევს, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან სხვანაირად არ გამოდის.

„პროექტს სჭირდება გააზრება და დაგეგმვა. ჯერ უნდა დავითვალოთ პარკინგებისა და ავტოსადგომების საჭიროების რაოდენობა, ანუ ერთი კონკრეტული ქალაქის, კეთილმოწყობილი გზების საერთო ფართობი უნდა გავყოთ დარეგისტრირებული ავტოპარკის რაოდენობაზე და შედეგად, მივიღებთ საჭირო რაოდენობას. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი თბილისში ძალიან დაბალია“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში პრობლემაა ასევე, არასწორი ურბანული პოლიტიკა, რადგან დედაქალაშია თავმოყრილი ყველაფერი, ისეთი ობიექტებიც კი, რომლებიც შეიძლება სხვაგან გადანაწილდეს, მაგალითად, კაიროს ქუჩაზე ან ავჭალაში, სადაც პარკირების პრობლემა არ არის.

„ოფისებიც სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადავიდეს და მანქანებიც გადანაწილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარკირების პრობლემა არ დასრულდება, რადგან დაწესებულებები, უწყებები, საოფისე ფართები და საერთოდ ყველაფერი განთავსებულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ანუ ზონაში, სადაც თბილისის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს. ხოლო ეს აქცენტები რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც გადანაწილდეს, ხიდებზე მოძრაობაც 5-ჯერ შემცირდება, მანქანები გადანაწილდება და ქალაქი განიტვირთება“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მან ასევე, კერძო საპარკინგე სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარკინგე სივრცეებში დღეს სხვადასხვა ბიზნესია განთავსებული.

„ზოგგან ხილ-ბოსტნეულია, ან სასურსათე მაღაზია, ვხვდებით ასევე ვულკანიზაციებსაც. ეს არ შეიძლება. აუცილებელია მკაცრი ადმინისტრირების გატარება და სადაც არ არის გაჩერება ნებადართული, იქ არ უნდა გაჩერდეს მანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ჯარიმები უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, საათობრივი პარკინგის საპილოტე პროექტისთვის თბილისის მერია საბურთალოსა და ძველ თბილისს განიხილავს და საფასურის გადახდა რამდენიმე გზით იქნება შესაძლებელი, მათ შორის, Pay Box-ისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. პროექტი დედაქალაქში მომდევნო წლიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები