მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსი" აცხადებს, რომ $250-მილიონიანი დავა დაასრულეს და ყველა კომპენსაცია გადაიხადეს

ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგი "ჰანიველ პარტნერსი" ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. ჰოლდინგი აცხადებს, რომ დღეს საბოლოოდ დასრულდა 9-წლიანი სასამართლო დავა, რადგანაც ჰოლდინგმა დაასრულა მათზე დაკისრებული კომპენსაციის გადახდა.

საუბარია 170 მილიონი დოლარის კომპენსაციებზე, საურავებსა და იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაზე, რაც "ჰანიველ პარტნერს" Recovery Partners-ის წინაშე ბრიტანული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით დაეკისრა. საქმეზე ბოლო განაჩენი ინგლისის უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის მარტში მიიღო და მისი მეშვეობით ძალაში დატოვა ყველა წინა ინსტანციის მიერ განსაზღვრული კომპენსაციები.

ჰანიველ პარტნერსის განცხადება:

„ჰანიველ პარტნერსმა“ საბოლოოდ დაასრულა 9-წლიანი სასამართლო დავა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ქართულ და ინგლისურ პრესაში. რამდენიმე დღის წინ, „ჰანიველ პარტნერსმა“ სასამართლოს მიერ დაკისრებული ბოლო ვალდებულება გაისტუმრა.

სასამართლოს არც ერთ ეტაპზე არ დაუდგენია თაღლითობა ან არაკეთილსინდისიერი ქცევა „ჰანიველ პარტნერსის“ და მისი პარტნიორების მხრიდან. მეტიც, ჩვენი ღრმა რწმენით, სასამართლო განჩინება იყო უაღრესად უსამართლო და აცდენილი თანამედროვე კომერციულ რეალობას. ჩვენი საქმე გახდა საინტერესო განხილვის საგანი ინგლისის აკადემიურ წრეებშიც. ჩვენს სამართლებრივ პოზიციას ასევე იზიარებდა იურისპრუდენციის პროფესორებისა და წამყვანი სპეციალისტების ნაწილიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ჰანიველ პარტნერსმა“ აღიარა განაჩენი და გადაიხადა დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაკისრებული საურავისა და იურიდიული დანახარჯების სახით. სამწუხაროა, რომ ეს თანხა არ მოხმარდა საქართველოს ეკონომიკას.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ რთული პროცესის მიმდინარეობისას, მოვახერხეთ ჩვენი აქტივების შენარჩუნება და განვითარება. ეს შეუძლებელი იქნებოდა მრავალი თქვენგანის თანადგომის გარეშე, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს „ჰანიველ ცემენტში“, „ლიბერთი ბანკში“, „რუსთავის ფოლადსა“ და „მაგთიკომში“, „თიბისი ბანკს“, „ბაზის ბანკს“ და რაც მთავარია „საქართველოს ბანკს“. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი კომპანიების მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენთვის ასეთ რთულ დროს, მოახერხეს რეკორდული ზრდისა და მომგებიანობის მიღწევა.

„ჰანიველ პარტნერსი“ ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს. ახლა, როცა ეს სასამართლო დავა წარსულს ჩაბარდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ჩვენი არსებული პროექტების განვითარებას, ასევე ინვესტიციებს ახალ, მაღალი პოტენციალის მატარებელ პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

"კომერციული შეთქმულება" - რისთვის დააკისრა ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდა - წაიკითხეთ სტატიაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები