მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ირაკლი შაიშმელაშვილი

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

"საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ",- განაცხადეს დღეს პროკურატურაში.

ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები