თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, „სითი პარკი“ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არღვევს, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კონტრაქტი გაუქმდება. ამის შესახებ ხმალაძემ „საქმის კურსს“ მხარეებს შორის მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, როგორ შეძლებს სამართლებრივ დავას მერია „სითი პარკთან“ იმ პირობებში, როდესაც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ფაქტები კერძო აუდიტმა არ დაადასტურა, ხმალაძე პასუხად ამბობს, რომ თბილისის მერიის ახალ გუნდს საკუთარი არგუმენტები და ხედვები აქვს.
"სითი პარკთან“ დაკავშირებით არ ვილაპარაკებ, რა იყო მერიის წინა მმართველობის პერიოდში, რა მოძებნეს და რა - ვერა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი დაკავდება ამ საქმით, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის მხრიდან ირღვევა სახელშეკრულებო პირობები და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ამ პირობების გამოსწორება და შესრულება კომპანიის მხრიდან, აუცილებლად მოხდება ამ ხელშეკრულების გაუქმება.
ჩვენ ჩვენი რესურსი გაგვაჩნია, რომ ხელშეკრულების ანალიზმი მოვახდინოთ. მე გავეცანი ამ ხელშეკრულებას და მაქვს ჩემი კონკეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით. ღრმად მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველანაირად მიუღებელია. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვუყურებდით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სპეკულირებდა ამ ხელშეკრულების გაუქმებით. ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ კომპანიამ გააკეთა ყველაფერი, რომ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყანაში. ერთადერთი რამ, რაც ყველას აერთიანებდა, ეს იყო „სითი პარკის“ ხელშეკრულების გაუქმება, სადაც აზრი ორად არ იყოფოდა. ეს ყველაფერი მოახერხა კომპანიამ. ეს არის გაცდენილი ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ზღვარს, აქედან გამომდინარე, თუ კომპანია კონკრეტულ ვადებში არ ჩაჯდება ხელშეკრულების პირობებში და არ შეასრულებს მას, რა თქმა უნდა გავაუქმებთ", - განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ ზარალის ანაზღაურება არ მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორული კომპანია EY-ის დასკვნის თანახმად, ეს ნაბიჯი მერიას შესაძლოა, 25 მილიონი ლარი დაუჯდეს.
"ეს 25 მილიონი არის განაცდური მოგება, რომელსაც თუ „სითი პარკს“ გაუწყვეტ ხელშეკრულებას, მომდევნო წლების განმავლობაში რა შემოსავალიც უნდა მიეღო, როგორც დამრღვევ მხარეს, დაგეკისრება ამ თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებას კომპანია გირღვევს და აუქმებ იმის გამო, რომ კომპანია უხეშად არღვევს ხელშეკრულებას, აქ ყოველგვარ კომპენსაციაზე საუბარი ზედმეტია, აქეთ თუ არ გაუხდა კიდევ რაღაც გადასახდელი“, - განუცხადა ხმალაძემ „საქმის კურსს“.
კითხვაზე, რა იგულისხმება სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში, ირაკლი ხმალაძემ პასუხად განმარტა, რომ „კომპანია უკანონოდ უწერს მოქალაქეებს აქტებს და ეს არის ძირითადი დარღვევა“.
შეგახსენებთ, რომ „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება აუდიტორულმა კომპანია EY-მ შეისწავლა, რაშიც თბილისის მთავრობამ 47 000 ლარი გადაიხადა. დასკვნის მიხედვით, „სითი პარკსა“ და მერიას შორის ხელშეკრულების დადებისას შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები დაცული იყო. ამასთან, აუდიტორული კომპანიის შეფასებით, „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია, თუმცა ეს დასკვნა მხოლოდ მოიჯარის მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზეა გაკეთებული.

























