"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციამ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას ხელმძღვანელობით თურქეთში შეხვედრები გამართა.
დელეგაციის წევრები ქალაქ სამსუნის გუბერნატორს ორჰან თავლის, სამსუნის მერს ჰალით დოღანს და ქალაქ უნიეს მერს ჰუსეინ თავლის შეხვდნენ.
პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს სამსუნსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნისა და თბილისისა და სამსუნის დამეგობრების საკითხები.
შეხვედრები გაიმართა ასევე სამსუნის, ჩარშამბას, სალიფაზარის, ორდუს, ფაცასა და უნიეს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.
ოფიციალური ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იყვნენ "ოცნების" პარლამენტარები ანზორ ბოლქვაძე და გიორგი ჭყონია.




























