მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გემების ტრანზიტისთვის საფასურს დააწესებენ

ჰორმუზი და ირანი

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ზავის ფარგლებში, ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის სატრანზიტო გადასახადის დაწესების უფლება მიეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც თეირანმა ვაშინგტონს წარუდგინა და რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების „სამუშაო საფუძვლად“ მიიჩნია.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, სატრანზიტო მოსაკრებლიდან მიღებული სახსრები ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის იქნება გამოყენებული. როგორც ცნობილია, 40-დღიანმა კონფლიქტმა ირანის თავდაცვის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მასშტაბური ზიანი მიაყენა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი პროტოკოლი, რომელიც ომანთან ერთად მუშავდება, მიზნად ნაოსნობის ხელშეწყობას ისახავს და არა მის შეზღუდვას. როგორც ირკვევა, სატრანზიტო საფასური დიფერენცირებული იქნება და გემის ტიპსა და ტვირთზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ყურის ქვეყნები, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი, აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი თავისუფალი ნაოსნობის პრინციპის დაცვას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ფინანსური მექანიზმის განხილვა ნაადრევია. საერთაშორისო საზღვაო სამართლის თანახმად, ქვეყნებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ გადასახადი მხოლოდ გავლის ნებართვისთვის, თუმცა მათ შეუძლიათ დააწესონ საფასური კონკრეტული სერვისებისთვის, როგორიცაა ხომალდის უსაფრთხო გატარება ან ბუქსირით გაყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტე 28 თებერვლიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო, რამაც ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ცნობისთვის, სრუტის სტატუსისა და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხებზე დამატებითი მოლაპარაკებები პარასკევს ისლამაბადში, აშშ-სა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები