მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი ჰორმუზის სრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმების ინიციატივით გამოდის

ჰორმუზი და ირანი

ოფიციალურმა თეირანმა ევროპულ, აზიურ და არაბულ ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.

ირანის მთავრობის საინფორმაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ელიას ჰაზრატიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ თეირანი, რომელიც სტრატეგიულ საზღვაო გზას ამჟამად სრულად აკონტროლებს, მზად არის პარტნიორებთან კონკრეტული შეთანხმებები გააფორმოს.

როგორც ირკვევა, ირანის ეს ნაბიჯი მიზნად ვაშინგტონის იზოლირებას და იმ სახელმწიფოებთან უშუალო კავშირის დამყარებას ისახავს, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ენერგორესურსებზე.

აღსანიშნავია, რომ თეირანის ინიციატივა პირდაპირ პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები “სხვების გულისთვის” სრუტის გახსნისთვის არ იბრძოლებს და სტრატეგიულ გეოგრაფიულ მონაკვეთზე დამოკიდებულმა სახელმწიფოებმა თავად უნდა იზრუნონ სრუტის გახსნაზე. “ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტი არ გვჭირდება”, - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფანია, რომელზეც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის. აღსანიშნავია TASS-ის ცნობაც, რომლის თანახმადაც თეირანი თავად არის საკუთარი ნავთობის გაყიდვით დაინტერესებული, ამიტომ მან შესაძლოა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა ქვეყნებთან გარიგებების დადების შემთხვევაში სრუტის ფუნქციონირება აღადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები