იორდანიამ, ერაყმა, ლიბანმა და ისრაელმა საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ამის მიზეზი ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ასობით დრონის გაშვება გახდა. Flight Radar 24-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება რეგიონში საჰაერო სივრცე.
ცნობისთვის, ირანმა წუხელ ისრაელისკენ 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, რომელთა 99%-ის გაუვნებელყოფა შეძლო ისრაელმა.
„ჩვენ გავაუვნებელყვეთ, მოვიგერიეთ, ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში, მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაინდენს ესაუბრა. ბაიდენმა ირანის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ აშშ-იც დაეხმარა ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯერ „ყველაფერი არ დასრულებულა, ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“.
ირანის ქმედების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
ცნობისთვის, ირანის ლიდერმა თავდასხმამდე ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოში, 1 აპრილს ირანის საკონსულოზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც თავად ირანზე თავდასხმა უწოდა. "ეშმაკის რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც", - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. აღსანიშნია, რომ დამასკოს თავდასხმაში მონაწილეობა ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.