ირანის სპორტის მინისტრმა აჰმად დონიამალიმ განაცხადა, რომ ირანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს მას შემდეგ, რაც ტურნირის თანამასპინძელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელთან ერთად, ქვეყანაზე საჰაერო იერიშები მიიტანა და მათი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ამ კორუმპირებულმა რეჟიმმა ჩვენი ლიდერი მოკლა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ", - განუცხადა მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიას.
48 გუნდის მონაწილეობით მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
"ჩვენი შვილები უსაფრთხოდ არ არიან და ტურნირში მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს.
იმ მავნებლური ქმედებების გათვალისწინებით, რაც მათ ირანის წინააღმდეგ განახორციელეს, 8-9 თვის განმავლობაში ორი ომი მოგვახვიეს თავს და ჩვენი ათასობით მოქალაქე მოკლეს. შესაბამისად, ჩვენი იქ ყოფნა ნამდვილად გამორიცხულია", - თქვა დონიამალიმ.
ირანის ელჩის გაეროში, ამირ საიდ ირავანის ინფორმაციით, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ 1 300-ზე მეტი ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გასული წლის დეკემბერში გამართული წილისყრის შედეგად, ირანელები ერთ ჯგუფში ბელგიასთან, ეგვიპტესთან და ახალ ზელანდიასთან მოხვდნენ. G ჯგუფის სამივე მატჩი აშშ-ში უნდა გამართულიყო - ორი ლოს-ანჯელესში და ერთი სიეტლში.
ირანი, რომელმაც აზიის საკვალიფიკაციო ეტაპზე დომინირებდა და ტურნირის საგზური გასული წლის მარტში მოიპოვა, ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც გასულ კვირას ატლანტაში გამართულ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთათვის განკუთვნილ ფიფას დაგეგმარების სამიტს არ ესწრებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფიფას რეგულაციების თანახმად, ნებისმიერ გუნდს, რომელიც ტურნირიდან "პირველ მატჩამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე" მოიხსნება, ფიფას სადისციპლინო კომიტეტი მინიმუმ 250 000 შვეიცარიული ფრანკით (320 800 აშშ დოლარი) დააჯარიმებს.
მანამდე, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც უთხრა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობას მიესალმება.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მანამდე აღნიშნა, არ აინტერესებდა, ირანი მიიღებდა თუ არა ტურნირში მონაწილეობას, ინფანტინოს თქმით, მას პრეზიდენტთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.
"დისკუსიის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანის ნაკრები, რა თქმა უნდა, სასურველი სტუმარია შეერთებულ შტატებში ტურნირზე საასპარეზოდ", - თქვა ინფანტინომ.
თეირანში საქმის კურსში მყოფმა წყარომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატზე უარის თქმას გულისხმობს, ომის გამო კი მოსამზადებელი ამხანაგური მატჩების ჩატარებაც შეუძლებელი იყო.




























