ირანი სხვადასხვა გზით ცდილობს, რომ ეს ომი გარკვეულწილად ეკონომიკურ ომად გარდაქმნას - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში "მსოფლიო როგორც ასეთი" საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ განაცხადა.
კითხვაზე რა გავლენა ექნება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ირანის ენერგოობიექტებზე იერიშების ხუთი დღით შეჩერების შესახებ ელჩმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებას ახლახან გაეცნო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების დღიდან ისრაელი და აშშ სრული კოორდინაციით მოქმედებენ.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება თქვენთან მოსვლისას, გზაში ვნახე. ზუსტად რას გულისხმობს, არ ვიცი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ომის დაწყების პირველივე წამიდან, ისევე როგორც მანამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სრულ კოორდინაციაში ვართ. ჩვენ მათი უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები ვართ, ჩვენი კავშირები ძალიან მჭიდროა. შესაბამისად, ჩვენი კოორდინაცია ვრცელდება როგორც პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე, ისე ამ ომის ყველა ასპექტზე.
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, ბუნებრივია, რომ ომის მიმდინარეობისას სხვადასხვა მხრიდან იქნება მცდელობები ომის შესაჩერებლად ან გარკვეული შეთანხმებების მისაღწევად, როგორც ზოგადად ომის კონტექსტში, ისე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით.
ვფიქრობ, ეს პროცესი ბუნებრივია. ახლო აღმოსავლეთშიც გვსმენია, რომ მაგალითად ომანი ცდილობს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა გამოიღებს თუ არა ეს რაიმე შედეგს, ვერ გეტყვით. შემიძლია მხოლოდ ის გავიმეორო, რომ ჩვენი მიზანი ამ საფრთხის აღმოფხვრაა. ირანის მხრიდან ისრაელის მიმართ არსებული ეგზისტენციალური საფრთხის საკითხზე კომპრომისი არ იქნება და ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით.
ბოლო დღეების განმავლობაში ირანი ცდილობს, ეს ომი გარკვეულწილად ეკონომიკურ ომად გარდაქმნას. ისინი ცდილობენ შანტაჟს და იმუქრებიან თავდასხმებით სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის ინდუსტრიასა თუ სხვა სტრატეგიულ აქტივებზე. ეს ომის დინამიკაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და რა იქნება შედეგი. თუმცა სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი ოპერაციები ირანში გრძელდება, ადამიანები თავის საქმეს აკეთებს და წინ მივიწევთ საფრთხის დასასრულებლად", - აცხადებს ელჩი.
წამყვანის კითხვაზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმა იყო თუ არა ირანის მხრიდან ზეწოლა აშშ-ზე, რომ შეეჩერებინა ეს ოპერაცია, ელჩი ამბობს, რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კარგად იცნობენ ირანის ქმედებებს.
"ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცნობთ ამ იდეოლოგიურ, ფანატიკურ რეჟიმს, რომლის მთავარი მიზანიც გადარჩენაა. მაგალითად აზერბაიჯანი ავიღოთ რა შუაშია ის ამ ომთან? დაახლოებით ორი კვირის წინ მათზე ირანის მხრიდან მინიმუმ ერთი დარტყმა განხორციელდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ დილით ირანმა მათ ლიბანიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარება სთხოვა, რამდენიმე საათში კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმა მოაწყო.
ასევე, ირანი ერთ-ერთ ქვეყანას დაჰპირდა, რომ მასზე ზეწოლა ან თავდასხმა არ მოხდებოდა, თუმცა ეს მოხდა. ჩემთვის რთულია მივუთითო რომელიმე პასუხისმგებელ უწყებაზე, რომელიც რაციონალურ ან პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს იღებს. არ ვიცი, ვინ მართავს რეალურად ამ ქვეყანას, მაგრამ მათ განცხადებებსა და ქმედებებს შორის დიდი წინააღმდეგობაა. საბოლოო ჯამში, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის და უკვე ევროპისთვისაც. ჰორმუზის სრუტესაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. რატომ უნდა აყენებდნენ საფრთხის ქვეშ საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკას იმ ომის გამო, რომელიც ისრაელსა და ამერიკას უკავშირდება?!" - განაცხადა ისრაელის ელჩმა.
დღეს, 23 მარტს, დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ პენტაგონს დაავალა ხუთი დღით გადადოს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციას შეუწყობს ხელს.




























