მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანიდან საქართველოში დაახლოებით 40 მლნ მ3 კომერციული ბუნებრივი გაზის იმპორტი იგეგმება

58fdf679cdef4
დავით ჯალაღონია
24.04.17 17:00
2647
ირანიდან დაახლოებით 40 მლნ მ3 კომერციული ბუნებრივი გაზის იმპორტი იგეგმება. როგორც "საქმის კურსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ამ მოცულობებზე კონტრაქტი კერძო პირმა გააფორმა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კერძო სუბიექტს უკვე რამდენიმე თვეა, გაფორმებული აქვს ერთი კონტრაქტი, თუმცა ჩვენთან წარმოდგენილი არ იყო. პატარა მოცულობებზეა საუბარი. გაჟღერებული იყო 40 მილიონი კუბური მეტრი, რაც ფაქტობრივად, ზამთრის პერიოდში სამი დღის მოხმარებას უდრის. ჩვენ არავის ვზღუდავთ, რომ ასეთი კომერციული კონტრაქტები გაფორმდეს, მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი ტიპის კონტრაქტი უნდა იყოს განხილული და შემდეგ - ბალანსში ასახული", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება სოციალურ გაზს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯერ-ჯერობით ამ სეგმენტისთვის ირანიდან გაზის შეძენა არ იგეგმება.

"ჩვენ აქცენტებს ძირითადად აზერბაიჯანულ მხარეზე ვაკეთებთ და გაზმომარაგების ყველა საკითხი ისევ და ისევ აზერბაიჯანულ მხარესთან განიხილება. შესაბამისად, 2017 წელსაც ენერგეტიკული ბალანსიდან გამომდინარე, სტრატეგიულად ისევ აზერბაიჯანის გაზმომარაგებაზე ვიქნებით ორიენტირებული. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, კერძო სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა ორმხრივ ფორმატში ანალოგიურ კომერციულ კონტრაქტებზე კონსულტაციები გამართონ, თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტული ხელშეკრულება მისი ბალანსში ასახვისა და შემდგომი ოპერაციების განხორციელების მიზნით, წარმოდგენილი არ არის“, - განმარტა მან.

მას შემდეგ, რაც კერძო გარიგების ამსახველ კონტრაქტს ენერგეტკის სამინისტრო მიიღებს და ირანიდან გაზის იმპორტის დაწყების თარიღი გაირკვევა, გაზის საქართველომდე ტრანსპორტირების ორი მარშრუტი განიხილება. ერთ-ერთი გზა აზერბაიჯანის გავლით არსებული მილსადენია.

"ბუნებრივია, ამის შესახებ აზერბაიჯანთან ზეპირი კონსულტაციები გვქონდა და წინააღმდეგობა არ არის, რომ თუ საჭიროება იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ამის თეორიულად განხილვა შესაძლებელია. მართალია, ჩვენ პირდაპირი საზღვარი ირანთან არ გვაქვს, მაგრამ აზერბაიჯანული ინფრასტრუქტურა არსებობს - აზერბაიჯანსა და ირანს შორის მილსადენი გარკვეულწილად, დატვითულია ნახიჩევანის გაზმომარაგების ნაწილში და ასევე, იმპორტის წილად - ირანიდან აზერბაიჯანში, თუ ამის საჭიროება დგება ხოლმე“, - განმარტა ვალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ირანიდან გაზის მიღების პერსპექტივა საქართველოს მთავრობამ სომხურ მხარესთანაც განიხილა, თუმცა ამ შემთხვევაში რადგან ირან-საქართველოს შორის სომხეთის გავლით პირდაპირი მილსადენი არ არსებობს, შესაძლებელია ე.წ სვოპ ოპერაციის განხორციელება, რაც იმას გულისხმობს, რომ კერძო პირი გაზს "გაზპრომიდან“ - ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენიდან მიიღებს, სანაცვლოდ კი ანალოგიურ მოცულობას სომხეთს ირანი მიაწვდის. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს უკანასკნელი უფრო მეტად განხორციელებადია.

„ეს ყველაზე მეტად განხორციელებადი ოფცია არის. თუ გადაწყდება ირანული გაზის შემოტანა, არის რამდენიმე სცენარი, თუ როგორ მოხვდება ის საქართველოს ბაზარზე, მათ შორის ე.წ სვოპის ოფციები. ეს მოცულობა იმხელა არ იქნება, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე რაიმე სამთავრობოთაშორისო ინიციატივები გაჟღერდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე მინისტრთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვია. დელეგიაციაში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც იყო. ამ ვიზიტის პარალელურად ირანული და აზერბაიჯანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ ირანული გაზი შეიძინა.