ირანის სასულიერო საბჭო, რომელიც ქვეყნის მომავალ უზენაეს ლიდერს ირჩევს, შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ახალმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეი უნდა შეცვალოს, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა.
Reuters-ი ადგილობრივ სააგენტო Mehr-ზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია კვირას ექსპერტთა ასამბლეის წევრმა, აიათოლა მოჰამადმეჰდი მირბაყერიმ გააჟღერა. მისი განმარტებით, მხარეებს შორის კიდევ რჩება „გარკვეული დაბრკოლებები“, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს.
შაბათს ექსპერტთა ასამბლეის კიდევ ერთმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრები „ერთი დღის განმავლობაში“ შეიკრიბებიან ლიდერის საბოლოოდ ასარჩევად.
ირანული მედიის ცნობით, ჯგუფში მცირე აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, საჭიროა თუ არა ფიზიკური შეხვედრა, თუ შესაძლებელია არჩევანის გამოცხადება ჩვეული ფორმალობების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ირანში უზენაესი ლიდერის პოსტი უვადოა და მას ქვეყნის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის.


























