მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის ომის გამო მიწოდების შეფერხების ფონზე, ინდოეთი, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობს უბრუნდება

ნავთობი

Bloomberg-ის ცნობით, რომელიც გემების მოძრაობის მონიტორინგის მონაცემებს ეყრდნობა, ინდოეთი შესაძლოა, კვლავ რუსულ ნედლ ნავთობს მიუბრუნდეს, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გლობალური მიწოდების მარშრუტებს აფერხებს.

ორმა ნავთობტანკერმა, რომლებიც მანამდე, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ აზიისკენ მიემართებოდნენ, კურსი ინდოეთისკენ შეცვალეს. Kpler-ისა და Vortexa-ს მონაცემებით, გემებს ჯამში 1.4 მილიონი ბარელი Urals-ის მარკის ნედლი ნავთობი გადააქვთ, რომელიც ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან იტვირთება.

მარშრუტის ცვლილება მიანიშნებს, რომ ინდოელი ნავთობგადამმუშავებლები, შესაძლოა, კვლავ მზად იყვნენ რუსული ნავთობის შესაძენად, რადგან ირანთან დაკავშირებული ომი ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდებას აფერხებს. კონფლიქტმა გავლენა იქონია ჰორმუზის სრუტეზეც - საკვანძო მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიო ნავთობის დიდი ნაწილი გადის.

Bloomberg-ის თანახმად, რეგიონში მიწოდების რისკები ისეთ მყიდველებს, როგორიც ინდოეთია, უბიძგებს, რომ კვლავ რუსული ნედლი ნავთობისკენ გაიხედონ.

ერთ-ერთი ტანკერი, Odune, "სუეცმაქსის" (Suezmax) ტიპის ხომალდია, რომელსაც დაახლოებით 730 000 ბარელი ნავთობი გადააქვს. გემების მონიტორინგისა და პორტის აგენტების ანგარიშების თანახმად, ტანკერმა ოთხშაბათს ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პარადიპის პორტს მიაღწია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გადმოიტვირთა თუ არა ტვირთი.

მეორე ტანკერი, Matari, "აფრამაქსის" (Aframax) ტიპის ხომალდია, რომელსაც 700 000-ზე მეტი ბარელი ნავთობი გადააქვს. მოსალოდნელია, რომ ის დასავლეთ ინდოეთში, ვადინარის პორტში ხუთშაბათს შევა.

Bloomberg-ის ცნობით, ადრე ორივე ტანკერი მიუთითებდა, რომ აღმოსავლეთ აზიისკენ მიემართებოდა, თუმცა ტრანზიტის დროს დანიშნულების ადგილი შეიცვალა.

Urals-ის ნედლი ნავთობი ინდოელ გადამამუშავებლებს შორის ძალიან პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის ომის გამო რუსეთს დასავლური სანქციები დაუწესდა. ფასდაკლებული ნავთობი ინდოეთს ენერგო საჭიროებების დაბალ ფასად დაკმაყოფილებაში ეხმარებოდა.

თუმცა, წელს ინდოეთში გადაზიდვები მკვეთრად შენელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ნიუ-დელიზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას რუსული ნავთობის შესყიდვები შეემცირებინა.

ბოლო კვირებში ინდოელმა გადამმუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირეს. Bloomberg-ის თანახმად, ისინი სიფრთხილეს იჩენდნენ, რადგან არ სურდათ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებების გართულება.

ინდოეთის მხრიდან მოთხოვნის კლებამ კი რუსეთი აიძულა, მყიდველები უფრო მეტად ჩინეთში ეძებნა.

მაგრამ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო შეიცვალა. ირანის მონაწილეობით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააჩინა.

დეფიციტის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, Bloomberg-ის თქმით, ჩანს, რომ ინდოელი გადამმუშავებლები მომარაგების უზრუნველსაყოფად კვლავ რუსულ ბარელებს უბრუნდებიან.

არსებობს ნიშნები, რომ იგივე მარშრუტს შესაძლოა ნავთობის სხვა ტანკერებმაც მიმართონ.

კიდევ ერთმა ტანკერმა სახელად Indri (სუეცმაქსის ტიპის ხომალდი, რომელიც ამჟამად არაბეთის ზღვაში იმყოფება), ადრე დანიშნულების ადგილად სინგაპური მიუთითა. თუმცა, გემების მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ ხომალდმა ამ კვირაში მკვეთრად გადაუხვია ჩრდილოეთით და ახლა ინდოეთისკენ მიემართება.

Indri-ს დაახლოებით 730,000 ბარელი Urals-ის ნავთობი გადააქვს.

Bloomberg-ის ცნობით, მიმართულების ეს ცვლილება მიანიშნებს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები გაგრძელდება, მომდევნო დღეებში ინდოეთისკენ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი რუსული ნავთობი გადაამისამართონ.

გადაზიდვებში ჩართული სამივე ხომალდი - Odune, Matari და Indri - გასულ წელს გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ იყო სანქცირებული.

Bloomberg-ის თანახმად, ამ ტვირთების გადამისამართება აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად იცვლება ნავთობის გლობალური ნაკადები იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ძირითად სატრანსპორტო გზებს ემუქრება და დეფიციტის შიშს აჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები