გერმანიის ბუნდესტაგმა ირანის ომით გამოწვეული ნავთობპროდუქტების გაძვირების საპასუხოდ, სპეციალური ზომების პაკეტი დაამტკიცა.
ახალი რეგულაციებით, ავტოგასამართ სადგურებს ტარიფების მატება დღეში მხოლოდ ერთხელ, შუადღისას შეეძლებათ, რათა მომხმარებლები ფასების მუდმივი მერყეობისგან დაცულნი იყვნენ.
აღნიშნული წესების დარღვევა სოლიდურ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა €100,000-ს ($108,000-ს) შეადგენს. საკანონმდებლო ცვლილებას მხარი CDU/CSU-ს, SPD-სა და "მწვანეების" კოალიციამ დაუჭირა, ხოლო AfD და "მემარცხენეები" ინიციატივის წინააღმდეგნი წავიდნენ.
როგორც ირკვევა, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამკაცრებაა, რაც ბაზარზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ფასების მკვეთრი ცვლის შემთხვევაში, ნავთობკომპანიას მუოწევს ახსნა-განმარტების გავრცელება და იმის ოფიციალურად დადასტურება, რომ ღირებულების მატება ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ არ ცვლილების პარალელურად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატერინა რაიხემ კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მგზავრობის ხარჯების დამატებით სუბსიდირება არ გამორიცხა. მმართველი გუნდი ენერგეტიკული გიგანტებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებასაც განიხილავს, რათა კომპანიების მიერ ხელოვნურად მიღებული მოგების ამოღება მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა თებერვლის ბოლოს, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებისა და თეირანის საპასუხო იერიშების შემდეგ დაიწყო. ADAC-ის მონაცემებით, მიუხედავად ბოლო დღეებში დაფიქსირებული მცირედი კლებისა, ბაზარზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში მგზავრობის შემწეობა მოკლე დისტანციებზე 38 ცენტამდე უკვე გაიზარდა. ბუნდესტაგის მიერ მიღებული ახალი პაკეტი ძალაში, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისიდან შევა, ხოლო მისი ეფექტიანობის ხელახალი შეფასება ერთი წლის შემდეგ მოხდება.




























