ირანის პარლამენტმა გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის შეწყვეტას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია IRIB ავრცელებს. გადაწყვეტილება ძალაში რომ შევიდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსგან რატიფიცირებაა საჭირო. საბჭოს ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ხელმძღვანელობს.
გუშინ გაეროს საზედამხედველო სააგენტომ განცხადება გაავრცელა და მიესალმა ირან-ისრაელს შორის 12 -დღიანი დაპირისპირების დასრულებას. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სააგენტოს წარმომადგენლები ირანში რჩებიან და მზად არიან ინსპექტირება ჩაატარონ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე.
13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის იერიში მიიტანეს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე.




























