მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის საელჩო: ისრაელის რეჟიმის შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნის ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა

ღვთისიაშვილი

30 ივნისს და 1 ივლისს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას - ამის შესახებ საელჩო ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ წერს.

მათი ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ "ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ასევე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული და ჩინეთის სამხედრო ატაშე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მონაწილეებმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოხატეს თანაგრძნობა და სოლიდარობა ირანის მიმართ.

„დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, — აღნიშნულია ირანში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ.

bm.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, ეთანხმებიან თუ არა ფორმულირებას "ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას".

განახლება:

საგარეო საქმეთა სამინისტროდან bm.ge-ს კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხეს:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“. 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები