მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის თავდასხმების ფონზე, გალფის ქვეყნები იაფი უკრაინული დრონების შესყიდვას განიხილავენ

დრონი

სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინული დიზაინის $2500-ის ღირებულების ე.წ. ჩამჭრელ დრონებს შეისწავლიან. Reuters-ი წერს, რომ ეს ირანულ თავდასხმებთან გასამკლავებლად უფრო იაფი გზაა იმ ფონზე, რომ ომი ამერიკული წარმოების რაკეტების მარაგებს მკვეთრად ამცირებს.

მედისააგენტოს ინფორმაცია იაპონურმა კომპანია Terra Drone Corporation-მა მიაწოდა, რომელიც უკრაინულ Amazing Drones LLC-სთან თანამშრომლობს და მათი დიზაინით შექმნილ დრონებს აწარმოებს.

საქმე ისაა, რომ ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, თეირანმა იაფი, მასობრივი წარმოების დრონების ტალღების, მათ შორის "შაჰედების" გაშვება დაიწყო, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებულ დრონებს ჰგავს. სპარსეთის ყურის ქვეყნები და აშშ-ის ძალები კი მათ ჩამოსაგდებად დიდწილად ძვირად ღირებულ ჩამჭრელ რაკეტებს ეყრდნობიან.

"ყველამ დაიწყო დათვლა. ეს ეკონომიკურად უბრალოდ წამგებიანია და ხალხი საბოლოოდ ხვდება ამას," - განაცხადა Terra Drone-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორუ ტოკუშიგემ. მან დასძინა, რომ ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

Terra Drone-ის თითოეული ჩამჭრელი დრონის ფასი 400 000 იენია ($2 526). შედარებისთვის, მიწიდან გასაშვები ამერიკული წარმოების Patriot-ის ჩამჭრელი რაკეტები სათითაოდ დაახლოებით $4 მილიონი ღირს, ხოლო "შაჰედის" ტიპის დრონის სავარაუდო ფასი $50 000-ია.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირველ კვირაში ირანმა 1000-ზე მეტი დრონი გაუშვა და, ვარაუდობენ, რომ მას თვეში დაახლოებით 10 000 დრონის წარმოების სიმძლავრე აქვს.

Terra Drone-მა, რომელიც კომერციული დრონებითაა ცნობილი, გასულ თვეში უკრაინულ სტარტაპ Amazing Drones-თან თანამშრომლობით სამხედრო გაყიდვების ბაზარზე შესვლის შესახებ გამოაცხადა. უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ გაშვებული "შაჰედების" თავდასხმების მოსაგერიებლად, კომპანიებმა ჩამჭრელი დრონი Terra A1 შექმნეს.

შეთანხმების თანახმად, იაპონური კომპანია ჩამჭრელ დრონს საზღვარგარეთ გაყიდის, პარალელურად კი ინვესტიციებსა და წარმოების ნოუჰაუს უზრუნველყოფს.

Terra A1-ს ბრძოლის ველზე გამოცდა ჯერ არ გაუვლია და მოსალოდნელია, რომ ტესტირებისთვის ის უკრაინის არმიას მომდევნო თვეებში გადაეცემა.

Terra Drone უკვე აწვდის საკვლევ და საინსპექციო დრონებს საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები