მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა $3 მლრდ-ის ზარალი მოგვაყენა - ისრაელის ფინანსთა სამინისტრო

ისრაელი
BM. GE
27.06.25 21:46
515

12-დღიანი ომის განმავლობაში ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს.

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ მხარეებმა სწორედ ამ იერიშებით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს. როგორც ისრაელის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ირანული დრონებისა და რაკეტების მიერ ქვეყნისთვის მიყენებულმა ფინანსურმა დანაკარგმა 10 მილიარდ შეკელს, ანუ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

“ეს თანხა მოიცავს როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ისე ბიზნესზე მიტანილ ზიანს”, - აცხადებენ ისრაელის ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურში. აღნიშნული 3 მილიარდი დოლარი მოიცავს იმ თანხას, რაც ბიზნესისთვის კომპენსაციების გადახდას და დაზიანებული ობიექტების აღდგენას დასჭირდება. თუმცა ამ ხარჯებში გათვალისწინებული არ არის ის თანხა, რაც თავდაცვითი სარაკეტო სისტემების ხელახლა შეიარაღებას დასჭირდება.

როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებენ, ისრაელის ისტორიაში ამაზე დიდი ფინანსური ზარალი სამოქალაქო ობიექტებს არ მიუღიათ. სამთავრობო უწყებებს მოუწიათ 32,975 კერძო ფართისა და 4,119 ავტომობილის მფლობელისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. საწყის ეტაპზე მათთვის სახელმწიფომ 5 მილიარდი შეკელი, ანუ $1,4 მილიარდი დოლარი გამოყო. სარაკეტო იერიშებმა ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება აიძულა. სკოლებისა და მრავალი კერძო ობიექტის დახურვამ ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მოშალა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეფასებით, უფრო გრძელვადიანმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა $12 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სავარაუდოდ, ამ თანხაში ნაგულისხმევია სარაკეტო შეიარაღების განახლების ხარჯები და ეკონომიკის შენელებით გამოწვეული ზიანი. ისრაელის ბანკის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი $6 მილიარდი დოლარი, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნის მშპ-ს 1%-ი იქნება. ამის თქმის საფუძველს პროდუქტიულობის შემცირება იძლევა, რაც არაერთი ბიზნესის დახურვით, საჰაერო სივრცის შეზღუდვითა და ინსფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანით არის განპირობებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის სარაკეტო იერიშები მეტწილად ქალაქების ცენტრალურ ურბანულ ზონებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, როგორებიცაა ვაიცმანის ინსტიტუტი და ჰაიფას ნავთობგადამმუშავებელი საწარმო - ამ სახის უდიდესი ობიექტი ისრაელში. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავეს, მიყენებულმა ზარალმა ცხადყო, რომ უსაფრთხოების სფეროზე დამატებითი რესურსის მიმართვაა საჭირო, რათა სამომავლოდ მოსახლეობას, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ნაკლები ზიანი მიადგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები