მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში ავტომობილების რეექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები შეინიშნება - ალექსი ნონიაძე

ალექსი ნონიაძე

ირანში ავტომობილების რეექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები შეინიშნება - ამის შესახებ BMG-სთან „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ირანის მიმართულებით ნებისმიერ ავტომობილზე გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოში ინდივიდუალურად, ადგილზე შეფასების საფუძველზე მიიღება, რაც ფაქტობრივად, უარის თქმას ნიშნავს.

"გარკვეული შეზღუდვები უკვე დაწესდა ამ მიმართულებით - საქართველოდან ირანში რეექსპორტზე. როდესაც დავრეკეთ და მივმართეთ მომსახურების სააგენტოს, გვითხრეს, რომ ყველა ავტომობილზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღება და ადგილზე შეფასდება. შეიძლება გაუშვან რეექსპორტზე ან არ გაუშვან. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ უარია",- აცხადებს ნონიაძე.

მისივე განმარტებით, ირანის მიმართულებით ვაჭრობის გაზრდას სერიოზული რისკები ახლდა თან.

„თუ კიდევ გაიზარდა ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობა ირანის მიმართულებით, ამან შეიძლება ნეგატიური ყურადღება მიიქციოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არ არის გამორიცხული, ამის შედეგად მივიღოთ სანქციები მთლიანად ავტოიმპორტის მიმართულებით, იმიტომ რომ იმპორტირებული ავტომობილების 70-80% სწორედ ამერიკულ ბაზარზე მოდის. ეს ძალზე მძიმე დარტყმა იქნება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი დარგისთვის.

ამ ბაზართან დიდი მოლოდინები არც გვქონდა. მოკლევადიანი პერიოდის მოვლენა იყო და ვფიქრობდით, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომ არ ღირდა ამ ბაზარზე გათვლა. ახალი ბაზრები სხვა არ გვაქვს. დივერსიფიცირება როგორც იმპორტის, ასევე, რეექსპორტის ბაზრების, სამწუხაროდ, ვერ ხდება და ძირითადად, მაინც შიდა ბაზრის მოთხოვნაზე ვართ ორიენტირებული“,- აცხადებს ნონიაძე BMG-სთან.

ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისას ბიზნესთან კონსულტაცია არ ყოფილა. წლის დასაწყისის შემდეგ ხელისუფლებასა და სექტორს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად გაწყვეტილია და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი წელს, 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 458%-ითაა გაზრდილი. წელს, იანვარი-ივლისის პერიოდში ირანში $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $150 ათასი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები