მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანული მხარის მოთხოვნილი შეხვედრა შედგა - ირანის ელჩს დავით ზალკალიანი შეხვდა

5c12b09a342e2
BM.GE
13.12.18 22:55
1021
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. მხარეთა შორის შეხვედრა საქართველოსა და ირანს შორის უკანასკნელ პერიოდში წარმოშობილ პრობლემას უკავშირდებოდა, რაც საქართველოს მესაზღვრეთა მიერ ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნებული ირანელების რაოდენობის მკვეთრ მატებაში მდგომარეობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით შეხვედრაზე - "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები. შეხვედრაზე გაიცვალა შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები, დაისახა განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები. აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას."

შეხვედრის აუცილებლობისა და ამ პრობლემასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბარამ ქასემი მოუწოდებდა. ქასემის თქმით, ირანის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში შემოსვლა სურთ ხელოვნურ ბარიერებს აწყდებიან, რის გამოც, მრავალი მათგანი დოკუმენტაციის ქონის მიუხედავად, ქვეყნიდან დეპორტაციას განიცდის. ქასემი და ასევე აკრიტიკებს საქართველოს მესაზღვრეებს და ამბობს, რომ ისინი "ირანის მოქალაქეებს, ნებისმიერი მიზეზით, არასათანადოდ ეპყრობიან."

2018 წელს საქართველოდან ირანის მოქალაქეთა გაბრუნების შემთხვევები 23-ჯერ გაიზარდა. 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საზღვრიდან ირანის 2345 მოქალაქე გააბრუნეს. აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429, ხოლო ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, განვითარებული სიტუაცია მით უფრო გასაკვირია, რომ "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ; კვლევები კი, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ საქართველოსთვის გაცილებით ნაკლები პრობლემა შექმნეს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა“. 

აღნიშნულმა საკითხმა ირანული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. Iran Daily-ისა და Tansim News Agency-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არასაჭირო მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 



 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები