მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირიგაციის ახალი ტარიფი ფერმერისთვის ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს - „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი

გიგლა თამაზაშვილი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ტარიფის ცვლილების მთავარი მიზანი სტაბილური, უსაფრთხო და პროგნოზირებადი სამელიორაციო სისტემის შექმნა და შენარჩუნებაა, რაც საბოლოოდ ფერმერისთვის უფრო გამართულ და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს. გაზრდილ ტარიფებზე გიგლა თამაზაშვილის კომენტარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

„ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება, მოგვცემს შესაძლებლობას, წყლის რესურსი უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ მისი სწორად აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედებდა 11 წლის წინ დადგენილი ტარიფი, რომელიც ვეღარ ასახავდა არსებულ რეალობას. ძველი ტარიფის თანახმად, ფერმერი წელიწადში 75 ლარს იხდიდა, რაც წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმს არ პასუხობდა. რეალურად, „საქართველოს მელიორაციის“ ხარჯი ფერმერის მომსახურებისთვის შეესაბამება ტარიფს, რომელიც ახლა დამტკიცდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ 1 კუბური მეტრი წყლის საფასური 0.0826 ლარი განისაზღვრა.

ირიგაციის ტარიფი გაძვირდა - რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სარწყავი წყლის გადასახადს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები