საქართველოს ენერგეტიკის და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურადაა გაზრდილი.
ამის შესახებ მილორავამ გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ საქართველოს ელექტროენერგეტიკის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით 2017 და 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი სამჯერ გაიზარდა და ამ გამოწვევას პასუხი სჭირდება.
ირინა მილორავას თქმით, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, როგორც გენერაციის ახალი სიმძლავრეების აშენება, ასევე, საჭიროა, ინფრასტრუქტურის განვითარებაე ყურადღების გამახვილება.
„ჩვენ ძირითადად გადართულები ვართ გენერაციაზე და ცოტა ყურადღების მიღმა გვრჩება გენერაცია. არადა, იქ მშენებლობაშიც არის გარკვეული პრობლემები.
ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებს. მნიშვნელოვანი პროექტები გადავადდა, გადავადდა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო“, - განაცხადა მილორავამ და ერთ-ერთ კრიტიკულ ქალაქად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება ძალიანაა გაზრდილი, ბათუმი დაასახელა.
„ბათუმი არის ერთ-ერთი კრიტიკული კვანძი ჩვენთვის, ამას ვიხილავთ უკვე ერთი წელია. ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურადაა გაზრდილი, რომელსაც სჭირდება ძალიან სწორი პასუხების გაცემა - დამატებითი სიმძლავრის შეტანა ბათუმში, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა მილორავამ.

























