მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ის არის პრივილეგია, რომ "ნაციონალების" დროს ქონებას მართმევდნენ?! – ხაზარაძის პასუხი გახარიას

5d7a772b26008
დავით ჯალაღონია
12.09.19 20:40
5493
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვით, ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენი იყო. გახარიამ ასეთი შეფასება ხაზარაძის მიმართ შს მინისტრის რანგში, მიმდინარე წლის მარტში მას შემდეგ გააკეთა, რაც ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ე.წ "გახარიას მუქარის წერილზე" ისაუბრა. 

მან "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელთა მიხედვითაც იგი არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში თავს პრივილეგირებულად არ თვლიდა.

"მე ყველაზე ნაკლებად ვგრძნობ თავს ბანკირად, არა იმიტომ რომ გავურბივარ ამ სფეროს. მე ძალიან ბევრ სფეროში მაქვს გაკეთებული წარმატებული ისტორია ჩემს მეგობრებთან ერთად, 10 ათას კაცთან ერთად.

უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, რომ პრივილეგიას იმას თუ ეძახით, რომ 90-იან წლებში, ბიზნესს როცა ვიწყებდით, საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშ ვიყავით მხედრიონის მხრიდან, თუ იმას უძახით, რომ 1998 წელს „ბორჯომის“ ბიზნესში დიდი ინვესტიცია შემოვიტანეთ, 2008 წელს ბანკი და ჩემი პარტნიორები ომის შედეგად გავკოტრდით და ყველაფერი გავაკეთეთ ბანკისა და ქართული ეკონომიკის გადასარჩენად და დღეს სალანძღავ სიტყვად რომ აქცია დღევანდელმა ხელისუფლებამ ბანკი?!... ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ მთელი ეკონომიკა...

მე სამჯერ გაკოტრებული ვიყავი და სამჯერ ავაწყვე ეს ბიზნესი თავიდან ჩემს მეგობრებთან ერთად და აქედან ორი, თუ სამი კომპანია საერთაშორისო მნიშვნელობის გავხადე და ქვეყნის სახელი გარეთ გავიტანეთ და უამრავი ინვესტორი შემოვიყვანეთ. 6 მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიცია გვაქვს შემოტანილი ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასეულობით მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი, თუმცა ამაზე ჩვენ ხმამაღლა არ ვლაპარაკობდით...

თუ ის არის პრივილეგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომელსაც ხმა მივეცი, 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ და სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ; თუ ის არის პრივილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში, როგორც ყველაზე მძიმე დამნაშავეს, შუშის ოთახების წინ მკითხავდნენ, უბრალოდ, მე არ გამოვდიოდი“, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ იგი ამ ფაქტებზე ხმამაღლა არ საუბრობდა, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული შეთანხმებები და ბანკის დეპოზიტარები არ დაეზარალებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები