მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ის, რაც ჭიათურაში ხდება, კომპანიის და მთავრობის შეცდომის ბრალია"

5ce7fd5d8c5be
ელენე გოგბერაშვილი
24.05.19 18:09
736
„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების ნაწილი ისევ გაფიცულია. დასაქმებულები კომპანიისგან ხელფასების 50%-ით მატებას, დაზღვევის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას და მათი გაფიცვის კანონიერად აღიარებას მოითხოვენ.

დავის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაინიშნა მედიაცია, თუმცა გაფიცულებმა მედიატორის პროცესებში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

როგორც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გელა დოლაბერიძე bm.ge-თან აცხადებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრმლების გაფიცვა პროფკავშირების ორგანიზებული არ არის და სამოქმედო სტრატეგია თავად გაფიცულებმა განსაზღვრეს.

„პროფკავშირები ზოგადად ასე არ ვიქცევით ხოლმე“-აცხადებს გელა დოლაბერიძე.

მისი თქმით, პროცესები აქამდე არ მივიდოდა კომპანიას და მთავრობას მათთვის რომ დაეჯერებინა.

„კომპანიის და მთავრობის შეცდომის ბრალია, რომელთაც არ გაითვალისწინეს ჩვენი ინიციატვები, როცა ვთავაზობდით, რომ მეშახტეები და მაღაროელები გაეთავისუფლებინათ საშემოსავლო გადასახადისგან. ეს გამოიწვევდა ხელფასების 20%-ით ზრდას“-აცხადებს დოლაბერიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1200 ლარია, მაღაროელების და მეშახტების კი 850 ლარი.

"ანუ ადამიანები, ვინც ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებენ საშუალოზე დაბალ ხელფასს იღებენ“-აცხადებს დოლაბერიძე.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროცესებში მედიატორის ჩართვაზე უარის თქმა მიზანმიმართული ქმედებაა, არ მოხდეს დავის დარეგულირება. შესაბამისად, კომპანიას მიაჩნია, რომ თითოეული დასაქმებული ითვლება უკანონო გაფიცვაში მონაწილედ, რაც არის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

„ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“-განაცხადეს „ჯორჯიან მანგანეზში“.
შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხდეს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები