მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რომ საპენსიო დანაზოგებს დავკარგავთ, მცდარი ინფორმაციაა - მელიქიძე

გოგა მელიქიძე

„ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, როდესაც საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი არჩევანი გააკეთონ“, -  ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ საინვესტიციო პორტფელები და მეტი სიცხადისთვის სწორად დავარქვით სახელები: სტაბილური, შერეულ-დაბალანსებული და მზარდი პორტფელები. დღეს მონაწილეების მხრიდან არჩევანის გაკეთების პროცესი მიდის და ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, როდესაც მონაწილეს, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო სტაბილურ პროექტში ინვესტირებული, დამატებითი არჩევანის საშუალება მიეცა, საკუთარი დანაზოგი შემოთავაზებული პორტფელისკენ, ან მათი კომბინაციისკენ მიმართოს“, - განმარტავს მელიქიძე.

მისივე თქმით, მზარდ, ანუ მაღალრისკიან პორტფელებში დანაზოგების ინვესტირების შემთხვევაში მონაწილის თანხა გლობალური კომპანიების აქციების შეძენას მოხმარდება, თუმცა ინფორმაცია, რომ დანაზოგები დაიკარგება - მცდარია.

„მაღალრისკიანი, ანუ მზარდი პორტფელი იმას არ ნიშნავს, რომ დანაზოგების ინვესტირება რისკიან პროექტებში მოხდება. როგორც თავიდანვე ვთქვით, მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება გლობალურ აქციებში მოხდება და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიების წილის მფლობელები, როგორებიცაა Toyota, Apple, Samsung, Louis Vuitonn და ა.შ. და რადგან ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღიურად იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მეტად მერყევი იქნება.

ის, რომ დანაზოგებს დავკარგავთ, მცდარი ინფორმაციაა. დანაზოგების 55% გლობალურ აქციებში მიდის, რომლის ბაზარიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია და 3000 კომპანიას ითვლის. პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება დაკარგვა და პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალ ზრდას ნახავენ“, - აცხადებს მელიქიძე.

საქართველოში დაგროვებითი პენსიის სისტემა 2019 წლიდან მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშზე მათი ხელფასის 6% ირიცხება. 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხორციელდებოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა და მონაწილეებს სამი პორტფელიდან არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები