მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის სამოქმედო გეგმა გვინდა, რაც აქამდე უნდა შემუშავებულიყო“ - კაფე „თამთაკი“

5fc760cf06090
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 14:09
862
კაფე „თამთაკის“ დამფუძნებლის და შეფმზარეულის თამთა კიკალეიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში მისი ობიექტი მუშაობას მხოლოდ 1 თვე შეძლებს. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კაფე „თამთაკი“ დღეს მთავრობის კანცელარიასთან სტუმარ-მასპინძლობის სექტორის აქცია/პრეს-კონფერენციაში მონაწილეობდა.

თამთა კიკალეიშვილის განმარტებით, მათი შემოსავლები 50%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯი 20%-ით გაიზარდა.

„ახლა მყავს 2 თანამშრომელი, რადგან მეტს ფიზიკურად ვერ ვასაქმებ, აქამდე მყავდა 4 ადამიანი. დამლაგებლებს დავემშვიდობეთ, რადგან შორს ცხოვრობენ და ვერ ვატარებთ. ჩვენი ხარჯი, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა და შემოსავალი 50%-ით შეგვიმცირდა. მიტანის სერვისს მომსახურების პროცენტი მაღალი აქვს და იმ შემოსავალს არ გვაძლევს, რომ გადავრჩეთ. ასე თუ გაგრძელდა, როგორც შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პირველი 3-4 დღე იყო, მგონია, რომ 1 თვეზე მეტ ხანს ვერ გავძლებთ. ესეც, რაც ინერციით მივექანებით და მერე რა იქნება, არავინ იცის“, - განაცხადა შეფმზარეულმა.

„თამთაკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სექტორის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი გეგმა, მათი გასაკეთებელი არ იყო და სექტორის გადარჩენის გეგმაზე პირველი "ლოქდაუნის" შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ემუშავათ.

„პირველი "ლოქდაუნის" დროს სრულად დავიხურეთ და, დაახლოებით, 6 თვის მანძილზე ვიხდიდი ქირას, რეალურად კი რესტორანი არ მუშაობდა, რადგან მაშინ სერიოზული პანიკა იყო და არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. რაღაცნაირად გადავაგორეთ ეს პერიოდი. ახლა, როდესაც ვიცით, რამხელა შუალედი და რამდენი დრო გვქონდა, შეიძლებოდა რომ შემუშავებულიყო გეგმა. ჩვენ ის გეგმა გვინდა, რომელიც აქამდე უნდა შემუშავებულიყო და ჩვენ უკვე ამ გამოსვლით ვითხოვთ იმას, რაც რეალურად ჩვენი საქმე არ უნდა ყოფილიყო. სხვას უნდა ეზრუნა ამ ყველაფერზე, ჩვენთვის შემოეთავაზებინა და რაღაცნაირად შეემსუბუქებინა ეს პერიოდი. მგონი ახსნა არ არის საჭირო, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს სექტორს ტურიზმისთვის, შემოსავლებისთვის, ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა თამთა კიკალეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები