საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ ტარიფს მიმდინარე წლის 24 ივლისამდე დაადგენს. ანალიტიკური ცენტრი "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) მიიჩნევს, რომ ტარიფის ოპტიმალური რეგულირების პრინციპები საქართველოში დარღვეულია და მიესალმება იმას, რომ სემეკი, რომელსაც წარსულში შეზღუდული ჰქონდა ეკონომიკური რეგულირების შესაძლებლობა, ამჯერად დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, - თემის დეტალებით "ბიზნესკონტრაქტთან" ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი მურმან მარგველაშვილი საუბრობს.
-ბატონო მურმან, რა სიკეთეების და ბენეფიტების მოტანა შეუძლია ახალ ტარიფს და იმ შეცვლილ მეთოდოლოგიას, რომელსაც სემეკი 2017 წელს გამოიყენებს და რა უაყოფითი შედეგები ჰქონდა მას წლების განმავლობაში?
-ტარიფის თემა ჩვენ საზოგადოებაში სერიოზულ განხილვას საჭიროებს, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის მხრივ, თუმცა, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ განვითარებული, განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ეს ის პასუხისმგებლობაა, თუ რა პასუხისმგებლობით ეპყრობიან მოქალქეები თუ პოლიტიკოსები, თუნდაც ამ ტარიფების თემას. მკაფიო მაგალითები არსებობს, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, სადაც ყველაზე დაბალი ტარიფია, მაგრამ სატარიფო რევოლიცია მოხდა და განვითარებული ევროპის ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ტარიფებია და მიუხედავად ამისა, ყველა ძალიან კმაყოფილია. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ტარიფი პრობლემა არ არის, არამედ პრობლემა შემოსავალი, ეკონომიკური განვითარება და დასაქმებაა, რომელმაც ის ნამდვილი ღირებულება უნდა უზრუნველყოს, რაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია უნდა გავითავისოთ, რომ უფასო არაფერი არ არის. ჩვენ თუ გვაქვს ენერგია, მის ფასს უკვე ვიხდით და ამას ტარიფით თუ სხვა რაღაც მახინჯი ფორმით ვაკეთებთ აი, ეს არის გასარკვევი. ჩვენ კვლევა გვქონდა, თუ კი სემეკი იწყებს ტარიფების გადახედვას, უპირველესად, ჩვენ უნდა გავიგოთ რა ღირს ის, რაც ჩვენ გვაქვს და მერე ვიფიქროთ იმაზე სწორად ვიხდით, თუ არა. ალბათ დავინახავთ, რომ არასწორად ვიხდით. OECD-ის ფარგლებში გამოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფო 500 მილიონ ლარს ხარჯავს წლიურად ან შემოსავალს არ იღებს, რომ ტარიფები დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ. დაბალ ნიშნულზე ტარიფის შენარჩუნება ნიშნავს, რომ მოსახლეობა და ბიზნესები ნაკლებად ზოგავს, ანუ ბევრს მოიხმარს და ჩვენ მეტად დამოკიდებული ვხდებით. ეს ანტისოციალურია, რადგან ვინც მეტს მოიხმარს, ის საერთო დოვლათიდან მეტ სარგებელს იღებს. მაგალითად, ათჯერ მეტს მოიხმარს მდიდარი ოჯახი და როდესაც ჩვენ ენერგიის ერთეულის სუბსიდირებას ვაკეთებთ, ის ათჯერ მეტ სარგებელს იღებს. ეს სამართლიანი არ არის და სოციალურ უსამართლობას კიდევ ზრდის. ის თანხები, რაც სუბსიდირებაზე იხარჯება, შეიძლებოდა გაღებულიყო ჯანდაცვის, სოციალურ პროგრამებზე, ბიზნესის განვიტარებაზე და ა.შ.
-ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ტარიფი გაიზრდება სოციალურად დაუცველებისთვის სხვაობას აანაზღაურებენ...
-ძალიან მისასალმებელია, რაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ტარიფის სუბსიდირებიდან უნდა გადავიდეთ კონკრეტულად სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებაზე. მე თუ მკითხავთ, უკეთესია კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ და საერთოდ თანხის სუბსიდირება გავაკეთოთ, რადგან თუ კი ოჯახს უჭირს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის შეძენა, მას ასევე სხვა რაღაცეებიც უჭირს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი რამ უკიდურესად მისასალმებელია, რომ სემეკმა რეალური ღირებულების დადგენა დაიწყოს თუ რამდენს ვიხდით უკვე და სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთოს ამას.
-2005 წლის შემდეგ, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში გლობალურ ბაზარზეც ბევრი რამ შეიცვალა. რა არის სამართლიანი ფასი?
-მეთოდოლოგია უნდა იყოს სამართლიანი, იმიტომ რომ იგი ეკონომიკურ გათვლებზეა დაფუძნებული. ტარიფს რაც შეეხება, ელემენტარულად ინფლაციის კოეფიციენტით რომ შეადაროთ 2005 წლის და დღევანდელი ტარიფი, ჩვენ რეალურად ნახევარს ვიხდით იგივე ენერგიაში. ტარიფი მაშინ ორჯერ უფრო მაღალი იყო რეალური ღირებულებით, ვიდრე ის დღეს არის. უფასო არაფერი არ არის, მეორე ნახევარს ჩვენ ბიუჯეტიდან.
-როგორ ფიქრობთ, თქვენი ვარაუდით რა შეიძლება ბუნებრივი აირის ფასი იყოს?
-ასეთი კომენტარისგან თავს შევიკავებდი, რადგან ეს სემეკის კომპეტენცია და მათი საქმეა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებმ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ის, რაც ღირს და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ამას უკვე ვიხდით. იმას უნდა მივაღწიოთ, რომ სწორად გადავიხადოთ, იმ მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს, რომელიც მოიხმარს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ბევრი მოუწესრიგებელი საკითხი გვაქვს ბუნებრივი აირის ტარიფებთან დარეგულირებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვყავს ე.წ. დერეგულირებელი მომხმარებლები, რომლებიც დატოვებულები არის 1/1-ზე გამანაწილებელ კომპანიებთან, რომლებიც ამავე დროს, მომწოდებელიც არის და ერთადერთი მონოპოლისტიც. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობისთვის დაბალი ტარიფები შევინარჩუნოთ და ამ დროს ბიზნესს უფრო მაღალ გადასახადს ვაკისრებთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხებზე დებატებში ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მივდივართ განვითარების იმ დონემდე, როდესაც შეგვიძლია ყველამ ერთად სწორი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე მოსახლეობამაც.

























