საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება და არსებულ კითხვებს თავად გასცემს პასუხს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე - ხომ არ სთხოვდნენ თორნიკე რიჟვაძეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“ და განმარტავს: „მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის კითხვები და გამოძიება დაწყებული არ არის. უახლოეს დღეებში, პერიოდში თვითონ თორნიკე [რიჟვაძე] გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს“.
ჟურნალისტები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ჩაეკითხნენ ბრუნდება თუ არა თორნიკე რიჟვაძე საქართველოში, რაზედაც მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, ის არასდროს აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა და შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, ის [თორნიკე რიჟვაძე] უახლოეს პერიოდში დაბრუნდება [ქვეყანაში] და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს“.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, შემდეგ კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.




























