„FORBES GEORGIA“-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე TBC ბანკის დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას აფასებს და მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან ერთად, სტრუქტურული ცვლილებების დასაბამიც უნდა გახდეს.
„უმრავლესობის უმრავლესობის სახე ნათლად გამოჩნდა და მე ეჭვი მაქვს, რომ მათი ნაწილი ბოლო სერიაშიც ვერაფერს გაიგებს. მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ხაზარაძის, რომ ამ ქეისიდან გამომდინარე, ჩვენი კანონმდებლობის დიდი ნაწილი გაშიშვლდა. მე მივიღე პასუხები იმ კითხვების ნაწილზე, რაც მამუკა ხაზარაძისგან და ბადრი ჯაფარიძისგან იყო სათქმელი. მე არ მაქვს მთავარ კითხვაზე პასუხი - რატომ დაიწყო ეს ყველაფერი ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის 7 აგვისტოს? ამაზე პასუხო უნდა გასცეს სახელმწიფომ.
დღეს მამუკა ხაზარაძეს პირველად მიეცა საშუალება ესაუბრა დეტალებზე. ახლა უკვე ბურთი არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების, რეგულატორის და პარლამენტის ხელში. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი და მე ღრმად მწამს, რომ ზღაპრის ბოლო ცალსახად არის კეთილი, ეს აუცილებლად გამოიწვევს არა მხოლოდ საკადრო, არამედ სტრუქტურულ ცვლილებსაც და ეს გარდაუვალია“, – განაცხადა tv “პირველის” გადაცემა „დღის ამბების“ ეთერში ისაკაძემ.
„FORBES GEORGIA“-ს მთავარი რედაქტორი ასევე გამოეხმაურა სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“.
ისაკაძემ სებ-ის განმარტებას „არადამაკმაყოფილებელი უწოდა“.
„დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად დაადანაშაულა ეროვნული ბანკი და გამოიყენა უმძიმესი ტერმინი ეროვნული ბანკის და მის ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომ ისინი შანტაჟის ენით ესაუბრობოდნენ ბანკს, რომელიც თავისი აქტივებით ლამის მესამედია ქართული ეკონომიკის. პასუხი რომ ჩვენ არ ვესაუბრებოდით შანტაჟის ენით, არ არის ის პასუხი რომელიც თქვენ, მე, საზოგადოებას დააკმაყოფილებს. ეს შეიძლება დააკმაყოფილოს რაღაცა განათლების მქონე ადამიანებს, რომლებსაც დღეს მაინც რატომღაც პარლამენტარები ჰქვიათ.
ხაზარაძის და ჯაფარიძის გამოსვლამ შეცვალა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი და მე ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა ერთისა, რომ ისევ ბიზნესი გახდებოდა ამ კონკრეტული პოლიტიკური ტორტმანის საგანი, თუმცა ვაღიარებ რომ ქართული პოლიტიკის ბედი სრულიად შეუცნობია“, - განაცხადა ისაკაძემ.

























