მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ისე გვიყურებენ, როგორც ბურჟუაზიას, ჩვენთან შეშინებული მომხმარებელი არ შემოდის“ - „ევროპროდუქტის“ დირექტორი

ევროპროდუქტი

„ევროპროდუქტის“ დირექტორი გიორგი თავდიშვილი სურსათზე ფასების შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე კომპანიის საფასო პოლიტიკასა და ბაზარზე არსებულ აღქმებზე საუბრობს. მისი განმარტებით, ქსელი სპეციფიკურ სეგმენტზეა ორიენტირებული, რაც მას სხვა რითეილერებისგან მნიშვნელოვნად ასხვავებს.

გიორგი თავდიშვილის თქმით, „ევროპროდუქტის“ ასორტიმენტი და საფასო კატეგორია განსხვავებულ მოლოდინებს აჩენს, რაც მომხმარებლის ნაკადზეც აისახება.

"განსხვავებით სხვა ქსელებისგან, 50%-ზე მეტი ჩვენი მაღაზიებისა გვეკუთვნით ჩვენ და ხარჯებში ნაჩვენები არ არის საიჯარო ქირა და სხვა მომენტები, რაც ამცირებს სხვა ქსელების შემთხვევაში მოგებას, ეს უქმნის სხვებს ილუზიას, რომ ჩვენ ძალიან მაღალი მოგებით ვმუშაობთ. ჩვენ არ ვყიდით პირველადი მოხმარების იმ პაკეტს, რომელიც გინდა თუ არა, წარმოადგენს ჩვენთვის მაფორმირებელს. თავის ფასშიც რომ გავყიდოთ წიწიბურა და მსგავსი პროდუქტები, ის ჩვენთვის მაინც არ არის მდგენელი. ზეთზე როცაა საუბარი, არ შეიძლება ის ზეთი, რომელიც ჩვენთან იყიდება, დააყენო ამ კონკურენციაში, იმიტომ რომ, სულ სხვა საფასო კატეგორიაშია. ჩვენთან ის ზეთი არ იყიდება, რაც კონკურენტებთან. ჩვენ ისე გვიყურებენ, როგორც ბურჟუაზიას და ჩვენთან არც კი შემოდის შეშინებული მომხმარებელი“, - აღნიშნა გიორგი თავდიშვილმა.

კომისიაზევე დეპუტატმა ნინო წილოსანმა „ევროპროდუქტის“ დირექტორს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებებიდან შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დისტრიბუტორები და საცალო ქსელები პასუხისმგებლობას არ ატარებენ.

„თქვენ თქვით, რომ ოქროს მოწმის სახით ვარო და ვის მხარეს ხართ ოქროს მოწმე. რაც გისმენთ, გამოდის, რომ არც დისტრიბუტორები სცოდავენ და არც ქსელები, თითქოს აქ ტყუილად ვართ დაკავებული ამ საკითხით. თქვენი გადმოსახედიდან გვითხარით, სად არის თქვენი სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა პირველადი მოხმარების პროდუქტები — რძე, პური და ა.შ“, - მიმართა დეპუტატმა „ევროპროდუქტის“ დირექტორს,

საპასუხოდ თავდიშვილმა განაცხადა, რომ ევროპროდუქტის რეალიზაციაში პირველადი მოხმარების პროდუქტებს ისეთი წილი არ უჭირავს, რომელიც კომპანიის მოგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.

ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები