ISET-ის მკვლევარის რატი კოჭლამაზაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ეფექტიანობის კვლევა უნდა ჩაატაროს.
როგორც კოჭლამაზაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, ეფექტიანობის კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იფიქროს, მსგავსი პროგრამებიდან „გამოსვლის გზებზე“.
ISET-ის მკვლევარის შეფასებით, კარგია, რომ მთავრობამ უარი თქვა ყურძნის სუბსიდირებაზე, მაგრამ სხვა მიმართულებებში სუბსიდირება რჩება და მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შესწავლა.
რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ არიან ფერმერები, რომლებმაც სახელმწიფო და ასევე დონორების პროგრამებით რამდენჯერმე ისარგებლეს, ამიტომ რაღაც ეტაპზე პროგრამების გადახედვის და ეფექტიანობის კვლევა საჭირო ხდება.
„შესაძლოა, ერთ ფერმერს, რეალურად, 5-6 წყაროდან ჰქონდეს იაფი კრედიტი მიღებული, ამიტომ რაღაც ეტაპზე უნდა მოხდეს შესწავლა, რამდენად საჭიროებენ ასეთი ფერმერები დახმარებას და შესაბამისად, განხორციელდეს არსებული სახელმწიფო პროგრამების დახვეწა, რათა ისინი მეტად მიზნობრივი გახდეს. მაგალითად, როცა „შეღავათიანი აგროკრედტის“ პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან გაცემულია 100 მლნ ლარი და 50 მლნ დოლარამდე, მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, რაში დაიხარჯა ეს თანხა და რამდენად - ეფექტიანად. იმას არ ვამბობთ, რომ იაფი სესხი არ უნდა იყოს; მითუმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ასეთი შეღავათიანი აგროკრედიტები, რათა სოფლის მეურნეობაში ტრანსფორმაცია მოხდეს, მაგრამ პროგრამების შედეგები უნდა იზომებოდეს. საზომი კი, მხოლოდ ბენეფიციართა რაოდენობა და გაცემული სესხების ოდენობა არაა“, - განმარტა რატი კოჭლამაზაშვილმა.
ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, 1,173,517,581 ლარის და 247,429,269 დოლარის სესხია გაცემული. ბენეფიციარების სუბსიდირებისთვის კი, 100 მლნ ლარი და 48.5 მლნ დოლარია დახარჯული.