მაისში, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3,08 ლარამდე შემცირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, აღნიშნული თანხა გასული თვის მონაცემთან შედარებით, 2,7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მაისში ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შემცირდა, გარდა ბათუმისა. ISET-ში განმარტავენ, რომ ინგრედიენტები, რომლებიც სტანდარტული ხაჭაპურის გასაკეთებლად არის საჭირო მაისში ბათუმში თითქმის ორჯერ გაძვირდა.
ISET აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ხაჭაპურის ინდექსი ბათუმში გაზრდას აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ახდენდა, რაც ტურისტულ სეზონს უკავშირდებოდა, მიმდინარე წელს კი სეზონი რამდენიმე თვით ადრე, - მაისში დაიწყო.
„ბათუმი ტურისტული სეზონის ადრე დაწყებით ბევრ სარგებელს მიიღებს, ტურისტების რაოდენობის ზრდა უკავშირდება ახალი სასტუმროების გახსნას და ბათუმის მიმართულებით ახალი ავიარეისების დანიშვნას. იმედია ქალაქი თავს გაართმევს ტურისტების დიდ ტალღას მიწოდების გაზრდით და არა ფასების მატებით“, - განმარტავენ ISET-ში.

























