კაპიტალის ბაზრის განვითარების სამთავრობო სტრატეგიის 80% შესრულებულია - ასეთია ISET-ის პროექტ "რეფორმეტრის" შეფასება 2018 წელს ამ რეფორმის შედეგებთან დაკავშირებით.
კვლევაში მოცემულია ის რაოდენობრივი მაჩვენებლები, რაც საქართველოში კაპიტალის ბაზარს დღეს ახასიათებს. რეფორმის შესახებ ანალიზი მედიას კვლევის ავტორმა ლიკა გოდერძიშვილმა გააცნო.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიის უმეტესობა უკვე შესრულებულია, თუმცა სამიზნე მაჩვენებლებს თუ ჩავხედავთ, ისინი 2025 წლამდეა გაწერილი, ამიტომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება თითოეული სინდიკატორი, რომელიც კაპიტალის ბაზრის პროგრესს, ან რეგრესს გვიჩვენებს.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებლებს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება დინამიკაში კაპიტალის ბაზარი - უნდა გამოვყოთ მთავრობის ფასიანი ქაღალდები, რომლიც მთავრობის ვალის მართვის სტრატგიასაც მიემართება და საბიუჯეტო დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა. ეს კომპონენტი ზრდად ტენდენციას გვიჩვენებს და 2018 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7.7%-ია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ არარეზიდენტი ინვესტორების წილი ფასიან ქაღალდებში ძალიან მერყეობს. ამ მაჩვენებლის ტენდენციები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოთამაშეები, როდის და რა მიზნებით შემოვლენ ბაზარზე, ამიტომ ვერ ვაკეთებთ პროგნოზებს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ კორპორატიული ბონდების ბაზრის კაპიტალიზაცია. ევრობონდების წილი ძალიან დიდია კორპორატიული ბონდების ბაზარზე და თითქმის 70% მათზე მოდის. აქ ვგულისხმობთ EBRD-ის, შავი ზღვის განვითარების ბანკისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკის წილს.
შეჯამებისთვის, კაპიტალის ბაზრის კაპიტალიზაციამ, სადაც მოვიაზრებთ როგორც აქციებს, ისე - ობლიგაციებს, თითქმის 5%-იან ნიშნულს მიაღწია და წინა წელთან შედარებით, ეს ნიშნული უფრო დაბალია, ამიტომ საინტერესოა, როგორ განვითარდება შემდეგი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი", - განაცხადა კვლევის ავტორმა.
ცნობისთვის: მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებას მიმდინარე წელს გეგმავს.

























