2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა და ბიზნესის განწყობების საზომი – ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) და მომხმარებელთა განწყობისნინდექსი (CCI) – სტაბილურად იზრდებოდა. ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის თვალსაზრისით, მეორე კვარტალში დაფიქსირებული ზრდა ძირითადად განაპირობა ბიზნესის რეალური საქმიანობის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ. მეორე კვარტლის შედეგებმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა ბიზნესის მოლოდინები, რაც განაპირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნამ.
ჯამში, 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, BCI -100/100-ქულიან სკალაზე 10 ქულით გაიზარდა. ქართული კერძო სექტორის მოლოდინები გაუმჯობესდა და 46 ქულას მიაღწია (პირველი კვარტლის 38 ქულიდან).
როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ბიზნესის საქმიანობა -0.7-დან 19.7 ქულამდე გაიზარდა და შეიცვალა დადებითისკენ, რაც მიანიშნებს წარმოების/ბრუნვის/გაყიდვების ზრდაზე. შედეგად, ბოლო სამი თვის საქმიანობამ, გაუმჯობესებული მოლოდინების პარალელურად, შეინარჩუნა ზოგადი BCI-ის სტაბილური, ოპტიმისტური დონე და ტენდენცია.
2016 წლის იანვრიდან ივნისამდე, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -100/100-ქულიან სკალაზე 9 ქულით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა მაინც დაბალი იყო, 2016 წლის იანვრისშემდეგ, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სტაბილურად და თანაბრად იზრდებოდა როგორც ადამიანების საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ისე განწყობის მაჩვენებელი. უკეთესად აღქმული ეკონომიკური სტაბილურობა არის CCI-ის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. "ჩვენ ვხედავთ მიმდინარე და მოსალოდნელი (1) ფასების დონის, (2) უმუშევრობის დონისა და (3) ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობისადმი დადებითი განწყობების ზრდას“, - განმარტავენ ISET-ში.
გარდა ამისა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის პროგნოზის თანახმად, 2016 წელს წლიური ზრდა იქნება 3.4%, "რაც "ზომიერი“ სცენარია საქართველოსთვის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წლიური ზრდა 2.7% იქნება, საუკეთესო შემთხვევაში კი – 4.1%. არსებული პროგნოზის თანახმად, 2016 წლის მეორე კვარტალში მშპ 4.2% გაიზრდება.
ISET-ის მშპ-ის პროგნოზის მოდელის არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი არ მიანიშნებს მოსალოდნელ საშიშროებებზე, პირიქით, ცვლადების უმეტესობამ მარტში მნიშვნელოვანი სტაბილურობა დააფიქსირა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის ტენდენცია გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ურჩევნიათ, თანხა არა ლარის, არამედ დოლარის ანგარიშზე დადონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა", - აცხადებენ ISET-ში.

























